როგორ ახასიათებს შალვა ნათელაშვილი თბილისის ოპოზიციონერ კანდიდატებს

ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ამ თემაზე „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და თითოეული კანდიდატი წარდგენისას დაახასიათა:

საქართველოს დროშა შემოხვეული ქალბატონი, რომელმაც გავრილოვი გააძევა – ნათელაშვილი ხოშტარიაზე.

ქართულმა ოპოზიციამ მიაღწია უპრეცედენტო, ეპოქალურ ერთობას და თქვენს წინაშე ვასახელებთ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს თბილისის ექვს რეგიონში.

ყველას გახსოვთ, 20 ივნისის დღეები და ღამეც და ყველას გახსოვთ საქართველოს დროშა შემოხვეული ქალბატონი, რომელმაც ოკუპანტი გავრილოვი პრაქტიკულად გააძევა საქართველოს პარლამენტიდან. ეს გახლავთ ქალბატონი ელენე ხოშტარია. ის ვაკეში იყრის კენჭს და დარწმუნებული ვარ ექნება მხარდაჭერა.

მთელს მსოფლიოს აჩვენა თავისი მამულიშვილობა – ნათელაშვილი მელიაზე.

ერთადერთი პოლიტიკოსი დედამიწაზე, რომელიც ხელისუფლებამ ელექტრო სამაჯურით ატარა, დეპუტატობა წაართვა, დასაჯა, და პასუხისგებაში მისცა.

ამ პიროვნებამ აჩვენა თავისი მამულიშვილობა მთელს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს, რომელიც გლდანში იყრის კენჭს და ვიცი, რომ ჩემი გლდანელები აქაც იტყვიან ისტორიულ სიტყვას.

ყველა ვამაყობთ სანიმუშო რეფორმებით, რომლის ავტორი გიორგი ვაშაძეა – ნათელაშვილი გიორგი ვაშაძეზე.

ყველა ვამაყობთ რეფორმებით, რომელიც საქართველოში გატარდა. მართლაც სანიმუშო რეფორმები, განსაკუთრებით იუსტიციის სფეროში, რაც თავის დროზე დიდი პრობლემა იყო. პასპორტის დაწყებიდან ელემენტარული ცნობის აღებამდე იყო პრობლემები და ეს პრობლემები დღესაც დარჩა მსოფლიოში და ევროპის ბევრ ქვეყანაში.

აი ამ რეფორმების ინიციატორი და ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი გახლავთ ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც ისანში იყრის კენჭს და მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ მისდამი მხარდაჭერას. ასეთი რეფორმატორი ლიდერები სჭირდება საქართველოს.

მებრძოლი რაინდი. რომ ვუყურებ 301-ე არაგველი მგონია – ნათელაშვილი ხაბეიშვილზე.

როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვუყურებ მომავლის იმედი მეძლევა. მგონია 301-ე არაგველი. ნეპოტიზმის, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდია ეს ახალგაზრდა ლიდერი. ვფიქრობ მისი მხარდაჭერა ყველა ჩვენგანის სამოქალაქო ვალია სამგორის რაიონში.

მთაწმინდაზე რომ ვცხოვრობდე ხმას მივცემდი ჩემს სეხნია შალვა შავგულიძეს – ნათელაშვილი

მე, რომ ვცხოვრობდე მთაწმინდის რაიონში ხმას მივცემდი ისეთ უფლებადამცველს, ისეთ იურისტს და დახვეწილ ინტელიგენტს, როგორიც არის ჩემი სეხნია შალვა შავგულიძე. ვფიქრობ მთაწმინდა და კრწანისი ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნათელაშვილი: ვბრუნდები ჩემს პოლიტიკურ აკვანში – ნაძალადევში

თქვენი მონა მორჩილი, ბრუნდება თავის სამშობლოში, თავის პოლიტიკურ აკვანში – ნაძალადევის რაიონში.

სწორედ ნაძალადევის ამომრჩევლის დიდი დამსახურებაა, რომ 30 წელია ლეიბორისტული პარტია არსებობს და იბრძვის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, სხვა გადაწყვეტილების უფლება არ მქონდა და მადლობას ვუხდი კოლეგებს მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

 

 

წყარო

2020-06-20T01:09:35+04:00ივნისი 20th, 2020|