როდესაც ვითხოვდით პროპორციულ არჩევნებს, ჩვენ ვითხოვდით პროცესების სწორედ ამგვარად წარმართვას

დღეს, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 2020 წლის არჩევნები 120/30 (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) თანაფარდობითა და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება, 20 ივნისის შემდეგ დაკავებული პოლიტპატიმრები კი, სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ გათავისუფლდებიან.
ეს შეთანხმება, პირველ რიგში, საზოგადოების გამარჯვებაა, რადგან 2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე, საზოგადოება მოითხოვდა და მოითხოვს პროპორციულ არჩევნებს, ახალი მოდელი კი ყველაზე ახლოს დგას პროპორციულ წესთან. მადლობას იმსახურებენ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, მიუხედავად იდეოლოგიური სხვაობებისა, მოახერხეს მოლაპარაკების მაგიდის გარშემო შეკრება და საერთო წესებზე შეთანხმება.
როდესაც ვითხოვდით პროპორციულ არჩევნებს, ჩვენ ვითხოვდით პოლიტიკური პროცესების სწორედ ამგვარად წარმართვას, როდესაც ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც უწევთ კომპრომისზე წასვლა და ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება.
ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ ჩარეულიყვნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, თუმცა, გაეკეთებინათ ყველაფერი საქართველოს შეუქცევადი განვითარებისთვის. საზოგადოების პრინციპულობამ, ოპოზიციური პარტიების კონსტრუქციულობამ და დასავლელი პარტნიორების წნეხმა მიგვიყვანა არჩევნების უკეთესი მოდელის დაპირებასთან!
თუმცა, მიუხედავად საყოველთაო სიხარულისა, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირება არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ – რამდენიმე თვეში ხელისუფლებამ უკან წაიღო. სწორედ ამიტომ, არ არის მოდუნებისა და მიღებული გამარჯვებით თვითკბობის დრო, საჭიროა კიდევ უფრო მეტი ყურადღება და ბრძოლა იმისთვის, რომ დაპირება დაპირებად არ დარჩეს, წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიაროს მშვიდად – რუსეთის ჩარევის გარეშე და არჩევნების დღეს სამართლიანად გადაწყდეს პარტიების ბედი.
და ბოლოს, მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, როელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ერთხელ მაინც მოვიდა აქციაზე! მათაც, რომლებიც ვერ მოვიდნენ, მაგრამ გულით ჩვენთან იყვნენ! მათაც, ვინც არ დანებდნენ და ბოლომდე გააგრძელეს ბრძოლა უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის მისაღებად. ბრძოლა გრძელდება და იგი აუცილებლად დასრულდება სამოქალაქო საზოგადოების უპირობო გამარჯვებით, რადგან სხვანაირად – სირცხვილია!
2020-03-08T23:46:43+04:00მარტი 8th, 2020|