რელიგიური რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგზის ცერცვაძის თქმით, რელიგიური რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია.

ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში თქვა, რომ მის პირად შეხედულებებსა და ოფიციალურ რეკომენდაციებს ერთმანეთისგან მიჯნავს. მისი განმარტებით, ის როგორც ოფიციალური პირი რელიგიის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა.

თუმცა, პირადი, როგორც ექიმის პოზიციის თანახმად, ის მიიჩნევს, რომ საეკლესიო რიტუალები კორონავირუსის გავრცელების პარალელურად მართლაც სარისკოა.

„მე მოგახსენებთ ჩემს პირად პოზიციას, როგორც პროფესიონალის – დიახ, მე მიმაჩნია რომ ის ღონისძიებები, რომელიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული – მათი ნაწილი, სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია.

მაგალითად იგივე ხალხმრავალი შეკრებები, იგივე ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და ზოგიერთი სხვა. მგონი, ეკლესია ამასა გაგებით ეკიდება. გვაქვს მაგალითები, თუნდაც, როგორ შეწყდა წმ. პეტრეს ტაძრის წინ მასშტაბური თავშეყრა ხალხის, დაიხურა მექა და მედინა და ა.შ.,“ – ამბობს ცერცვაძე.

ინფექციურის დირექტორი დასძენს, რომ საქართველოს ეკლესიის შემთხვევაშიც შეიმცნევა ცვლილებები „მაგალითად, სოციალური დისტანცირებებისკენ იყო მოწოდებები და ვხედავდით კიდეც, აშკარა დისტანციას მოქალაქეებს შორის“.

„ერთადერტი რაც კითხვის ნიშანს ბადებს – ეს არის ერთი კოვზით ზიარება,“ – ამატებს ის.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ცერცვაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდთან მან მისი პირადი მოსაზრება გამოთქვა, თუმცა, „ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიცია და გადასადგმელი ნაბიჯები – ეს მათი პრეროგატივაა“.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალიან დელიკატურად. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამ მხრივ ხელისუფლება და ეკლესია მოხერხებენ, რომ გონივრულ კონსესუსამდე მივიდნენ,“ – დასძენს ცერცვაძე.


საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა დასტურდება, აქედან 3 მოქალაქე გამოჯანმრთელებულია. თუმცა, მიუხედავად ვირუსის გავრცელებისა და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა – ტაძრებში დღეს საკვირაო წირვა გაიმართა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას პრემიერმა გიორგი გახარიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდებოდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ დეკრეტში რაიმე რიცხვი არ წერია;

თალაკვაძემ ასევე დასძინა, რომ „დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რიტუალში მონაწილეობა ამ უფლების ნაწილია“.

2020-03-22T21:23:13+04:00მარტი 22nd, 2020|