თბილისის მერიის განცხადებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რკინის რიგის N6-დან გორგასალის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან 28 აგვისტოს ჩათვლით, გორგასლის ქუჩასა და გამსახურდიას სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მერიაში განმარტავენ, რომ გორგასლის ქუჩიდან გამსახურდიას სანაპიროზე მოხვედრა, ისევე, როგორც გამსახურდიას სანაპიროდან კრწანისის მოედნის მიმართულებით გადაადგილება, შესაძლებელი იქნება გორგაალის ქუჩის გავლით. დედაქალაქის მთავრობის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა დასაშვები იქნება ორმხრივად.

“გორგასლის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება ოთხ ზოლში. გამსახურდიას სანაპიროსკენ მიმავალი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ორი ზოლიდან ერთი საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაეთმობა, ხოლო მეორე – კერძო ავტომობილებს. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი იმოძრავებს ორ ზოლში. გამსახურდიას სანაპიროზე ორივე მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ და კერძო ტრანსპორტს თითო ზოლი დაეთმობა. მეტეხის ხიდიდან გორგასლის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის კი მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება”, – აცხადებენ მერიაში.