რატომ უნდა მოვუხადო ბოდიში მეუფე იაკობს, მითხარით, რა გავაკეთე საბოდიშო, ღმერთმა შეუნდოს, რაც თქვა ჩემზე

რატომ უნდა მოვუხადო ბოდიში მეუფე იაკობს, მითხარით, რა გავაკეთე საბოდიშო, ღმერთმა შეუნდოს, რაც თქვა ჩემზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს “პირველ არხის” ეთერში.

ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან კომენატრი გააკეთა მეუფე იაკობის განცხადებაზე: “პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძისგან არავინ ვართ ისე დავალებული, რომ გვიყვირონ, გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ“.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მეუფე იაკობი პატრიარქთან მის შეხვედრას ესწრებოდა და ძალიან კარგად იცის იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც მან მისცა საპატრიარქოს.

„რა კომენტარი უნდა გავაკეთო ახლა, ამ წითელ პარასკევს. რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში, რა გავაკეთე საბოდიშო, გამაგებინეთ. არ არის სასურველი, აღდგომის დღეებში მე ვუპასუხო მეუფე იაკობს. მეუფე ორჯერ ესწრებოდა ჩემს შეხვედრას საპატრიარქოში პატრიარქთან და ძალიან კარგად იცის ჩემი მოსაზრებები ყველაფერთან დაკავშირებით, რა რეკომენდაციებიც მე მივეცი საპატრიარქოს. არაფერი განსხვავებული არ არის, იგივეა, რასაც მოსახლეობას ვაძლევ რეკომენდაციების სახით. ახლა, მაპატიეთ და, ამ ტიპის გამოხტომაზე და გამოსვლაზე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მეუფეებთან შევიდე დისკუსიაში. მერე, თუ დააინტერესებს მეუფეს, ავუხსნი, რატომ ვარ მე მართალი და რატომ ის არ არის ამ შემთხვევაში მართალი. რანაირი ტონი მქონდა, შეიძლება, მითხრათ? ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე? ხომ გაქვთ ჩემი გამოსვლების ჩანაწერები? როგორ ფიქრობთ, ვინმეს მივაყენე ან საერთოდ ვაყენებ შეურაცხყოფას?“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ცდილობენ, რომ დისკუსიაში შეიყვანონ, თუმცა აღდგომის წინა დღეებში ამის გაკეთებას არ აპირებს.

„ქართული ეკლესია არის ჩემთვის ყველაფერი. მე განმარტებები გავაკეთე, ხომ? ყველაზე მაღალრეიტინგული და ყველაზე პატივცემადი ინსტიტუციაა. მისი უწმინდესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ჩემთვის არის მაგალითი საქართველოსთვის თავდადებული ადამიანისა, რომელიც 40 წელია, მიუძღვის საქართველოს არა მარტო ეკლესიას, არამედ მთლიანად საქართველოს. ჩვენ რომ მძიმე პერიოდში არ გადავიჩეხეთ ისეთ ნაპრალებში, საიდანაც უკან ვეღარ ამოდიან, ამაში უზარმაზარია წვლილი აქვს საქართველოს ეკლესიისა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქის, რომელსაც მე ვეთაყვანები.

ბედნიერი ვარ, რომ მაქვს უფლება, მოწიწებით ვეახლო, ბევრი დარიგება და რეკომენდაცია მივიღო მისგან. ამ შემთხვევაში, როცა ეპიდემიაა, მე ამავე დროს სახელმწიფო პასუხისმგებლობა მაქვს, მე ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი და მაქვს ასევე ჩემი ისტორიული გამოცდილება დაავადებებთან ბრძოლის. მე ეს მინდა მოვახმარო ხალხს, რომ ჩემი ხალხი გამოვიდეს ნაკლები დაზიანებით ამ დიდი პრობლემიდან, ამ დიდი გამოწვევიდან, რომელიც მსოფლიოშია. ახლა მეუფე იაკობი ამას მიშლის?! მაპატიეთ, არ მინდა აღდგომის წინა დღეებში სხვანაირად ვთქვა, სხვანაირად დავალაგო წინადადებები. აი, როდესაც ჩაივლის აღდგომა, როცა ჩაივლის ეს ეპიდემია, მერე დამისვით კითხვები და მერე უფრო დეტალურად გიპასუხებთ.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს უღრმეს და უდიდეს პატივისცემას საქართველოს ეკლესიის წინაშე, ვადასტურებ უღრმეს პატივისცემას და სიყვარულს მისი წინამძღვრის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისადმი, რომელიც მიმაჩნია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, გამორჩეულ მოღვაწედ. ასევე ვიცნობ, მაქვს ამის ბედნიერება, სინოდის ბევრ წევრს და ბევრს ვაფასებ ძალიან და ვითვალისწინებ ბევრი მათგანის რეკომენდაციებს. ვიცნობ და ურთიერთობები მაქვს ძალიან ბევრ მღვდელმთავართან, ძალიან ბევრ რელიგიურ მოღვაწესთან, მქონია ზოგიერთთან კამათი, მქონია ზოგიერთთან დისკუსია, განხილვა საკითხების. ისინიც ყოფილან ჩემთან, როცა მე უფრო აქტიური ექიმი ვიყავი, ჩვენი ეკლესიის ძალიან ბევრ წარმომადგენელთან, მათ შორის სინოდის წევრებთან, ყოფილან ჩემთან, როგორც პაციენტები. ამიტომ ძალიან მოწიწებით ვარ. წითელ პარასკევს და დიდ შაბათს მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, ვერც ერთ სიტყვას, ღმერთმა შეუნდოს მეუფე იაკობს, რაც თქვა ჩემზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

2020-04-20T16:46:59+04:00აპრილი 20th, 2020|