ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ საქართველო პანდემიას თავს დააღწევს და საპარლამენტო არჩევნები კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება.

“ჩვენი ინტერესია, რომ კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდეს არჩევნები, რადგან ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მე ვფიქრობ, რომ საქართველო ღირსეულად გამოვა იმ საფრთხიდან, რასაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია და ამის შემდეგ, ცხადია, კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება არჩევნები”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ის პოლიტიკური ძალები, ვინც ამ თემით საზოგადოებაში დისონანსის შეტანას ცდილობს, თვითონვე არიან დაინტერესებული რომ არჩევნები დადგენილ ვადებში არ ჩატარდეს.

“მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო თარიღის გადადებასთან დაკავშირებით ცდილობენ საზოგადოებაში გარკვეული დისონანსი შეიტანონ, თვითონ არიან დაინტერესებული, რომ ეს მოხდეს” ,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

 

წყარო: pia.ge