პროცესები ამერიკის შეერთებულ შტატებში მართლაც საინტერესოდ და დინამიურად ვითარდება. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ბევრმა ექსპერტმა ეს მოვლენა როგორც ტრამპისა და ტრამპიზმის ერის დასასრულად შეაფასა. მაგრამ მე ვიტყოდი ჯერ ნაადრევია მსგავსი დასკვნების გამოტანა. სწორედ ამ საკითხზე მინდა ვისაუბროთ ამ სტატიაში.

როგორც ვხედავთ დონალდ ტრამპი ასე მარტივად არ აპირებს თავისი პოზიციების დათმობას. მან 6 იანვარს უკვე მოუწოდა თავის ამომრჩევლებს მოქმედებისკენ. იმ მომენტში, როდესაც კონგრესში ახალი პრეზიდენტის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეებს ორი საათის განმავლობაში ჰქონდათ საკანონმდებლო ორგანო დაკავებული. მართალია ეროვნული გვარდიის ძალებმა მალევე გაანთავისუფლეს შენობა და კონგრესმა აღადგინა მუშაობა. მაგრამ ამ მოვლენამ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ისტორიაში შექმნა პრეცენდენტი, რომლის ანალოგიც მანამდე არ არსებობდა. სიტყვის თავისუფლება ამერიკული დემოკრატიის ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელზეც ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა არის აშენებული. მომიტინგეების ქმედება შესაძლებელი იქნებოდა აღთქმულიყო, როგორც აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, რომ არა პროტესტის მონაწილეობის მხრიდან ძალადობა და დღეს მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარებას აშკარად ეწინააღმდეგება.

ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას მართალია თავისი მინუსები აქვს, რაზეც ტრამპიც არა ერთხელ საუბრობდა, მაგრამ აქვს ძლიერი მხარეებიც, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხელისუფლების გადაცემა უმტკივნეულოდ, არჩევნების საფუძველზე ხდება. როგორ მუშაობს ამერიკული სისტემა? მიუხედავათ იმისა, რომ პრეზიდენტი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა, ქვეყანაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სხვა სახელისუფლებო შტოები აბალანსებენ, რაც გამორიცხავს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. მეტიც კარგად აწყობილი სამართლებრივი ბაზა ქვეყნის პირველ პირს კანონების საფუძველზე უსაზღვრავს, როდის რა ღონისძიება უნდა განახორციელოს და რა გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს. სამართლებრივი რეგულაციები იმის მითითებასაც კი იძლევა, რომელი თანამდებობის პირს როდის უნდა შეხვდეს და რა სიტუაციაში. მიუხედავათ ამისა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკის პრეზიდენტს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე მოეთხოვება გადაწყვეტილების მიღება. ასეთი გამონაკლისები როგორც ვთქვით იშვიათია, მხოლოდ კრიზისულ სიტუაციებში გამოიყენება და პრეზიდენტის პოლიტიკური პასუხისგებლობის სფეროს განეკუთვნება. თუ პრეზიდენტის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება არაეფექტური აღმოჩნდა ან იგი ქვეყნის ინტერესებს არ გამოხატავდა, მაშინ კონგრესის აქვს უფლება დღის წესრიგში დააყენოს მისი იმპიჩმენტით მოხსნის საკითხი. მაგრამ მას შემდეგ რაც თეთრ სახლში პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება იგი ხელშეუხებელი ხდება. სახელმწიფო ერთგვარ გარანტიას აძლევს თავის ექს-პრეზიდენდებს, რომ მომავალში მათი პოლიტიკური და სამართლებრივი დევნა არ დაიწყება. მაქსიმუმ, რაც ამერიკელებმა ყოფილი ლიდერის მიმართ შეიძლება გამოიყენენონ, ეს ისტორიკოსების მხრიდან საკუთარ ნაშრომებში მისი კრიტიკაა. დაბალანსებისა და გარანტიების ასეთი სისტემა ქმნის იმის მყარ საფუძველს, რომ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელისუფლების გადაბარება ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს. თავისი ქმედებებიდან გამომდინარე დონალდ ტრამპი ეტყობა არ ეთანხება ხელისუფლების გადაბარების ამ პრინციპს. მეტიც საკუთარ მხარდაჭერებს მოუწოდა ძალისმიერი ქმედებებისკენ, რაც მას, როგორც თავად თვლიდა ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. მართალია მოგვიანებით საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების აზრის ზეწოლის შედეგად საჯაროდ გამოსვლა და საკუთარი სიტყვები უკან წაღება მოუწია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო სავარძლის შენარჩუნების სურვილი გაუქრა.

20 იანვარს ჩატარდება ჯო ბაიდენის ოფიციალური ინაგურაცია. ვაშინგტონში მიღებულია უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მონაცემებით არ არის გამორიცხული ტრამპის მომხრეებისგან ფიცის დადების დღეს ძალადობის ახალი ტალღა ვიხილოთ. მეტიც დემონსტრანტებისგან ელოდებიან ცეცხლსასროლი იარაღის, მოლოტოვის კოკტეილებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებასაც. ეროვნული გვარდიის დიდი ნაწილი უკვე განთავსებულია კაპიტოლიუმის შენობაში. ტრამპს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს არავითარი ადმინისტრაციული და სამართლებრივი რესურსი აღარ დარჩა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს ან მისი გადაბარების პროცესს ხელი შეუშალოს. მეტიც საკუთარი ადმინისტრაციის წევრებსაც კი აღარ უნდათ მასთან ურთიერთობა. არ ემორჩილება პოლიცია და სამხედროები. დიდი ალბათობით ჩამორთმეული აქვს ატომური იარაღის კოდებიც. პრაქტიკულად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი ასრულებს. მაგრამ დონალდ ტრამპს კიდევ დარჩა ერთი კოზირი სამკლაურში. ეს საკუთარი მხარდამჭერები არიან, რომელთა გამოყენებაც მას ბაიდენის ინაგურაციამდეც შეუძლია და თუ კი იგი ამას არამარტო ვაშინგტონში, არამედ მასიურად რამოდენიმე დიდ ქალაქშიც მოახერხებს, მძიმედ განვითარდება მოვლენები. ეს ფაქტიურად დასასრულის დასაწყისი იქნება იმ პოლიტიკური სისტემის, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით. მსაგავსი პრეცენდენტის შექმნაც კი უკვე დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს ამერიკულ დემოკრატიას და მთელ მსოფლიოში დღეს არსებულ წესრიგს. პირველ რიგში მსოფლიოს ბევრ რეგიონში, სადაც აქამდე მხარეებს შორის ბალანსი აშშ ჩარევით ნარჩუნდებოდა, მოხდება კონფლიქტური სიტუაციების ექსკალაცია. ჯაჭვური რეაქციის პრინციპით ამ კონფლიქტში შეიძლება სხვა სახელმწიფოებიც იყვნენ ჩათრეულნი და პარალელურ რეჟიმში დაპირისპირების სხვა ახალი კერებიც მივიღოთ. ძნელი წარმოსადგენია ჯერ კიდევ პანდემიის გამო კრიზისში მყოფ მსოფლიო ეკონომიკას ამის გამო რა შეიძლება მოუვიდეს და კაცობრიობას ეს რა დამატებით პრობლემებს შეუქმნის. ამიტომ არის დღეს ამერიკის შეერთებული შტატებში მიმდინარე მოვლენები ასეთი მნიშვნელოვანი და ამ პროცესებისადმი საყოველთაო ყურადღებაც ამით აიხსნება.

სიტუაცია კი არ არის მარტივი. ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი დღეს რთული ამოცანის წინაშე დგას. მათ უნდა გადაწყვიტონ წავიდნენ თუ არა მოლაპარაკებაზე დონალდ ტრამპთან, რადგან მის სწორ, თუ არასწორ ქმედებებზეა დღეს დამოკიდებული ბევრი რამ. თუ მოლაპარაკება შედგება მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა საუკუნის სისულელე არ ჩაიდინოს და თავისი მომხრეებს დაუმორჩილებლობისკენ არ მოუწოდოს. მაგრამ არსებობს იმის რისკიც, რომ ასეთმა დიალოგმა ისეთი ზე ამბიციური და საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი, როგორც ტრამპია გარკვეული აქტიური ქმედებებისთვის არ გააქეზოს, ხოლო მოლაპარაკების დაწყება კონგრესს პოზიციების სისუსტეში არ ჩაუთვალოს. როგორც ვიცით აშშ მოლაპარაკებაზე არ მიდის ტერორისტებთან. ხოლო რადგან ტრამპის ბოლო დროინდელი ნაბიჯები სწორედ, რომ სეპარატისტული ტერორიზმის ნიშნების მატარებელია, უფრო ალბათ იგნორირებისა და იმპიჩმენტის გზით ტრამპის პოლიტიკურ განეიტრალებას ეცდებიან. კონგრესის ქვედა პალატამ უკვე გამოიტანა ეს გადაწყვეტილება. ბოლო სიტყვა ახლა სენატს ეკუთვნის. თუ კონგრესის ზედა პალატა ქვედა პალატის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს ტრამპს კანონით აეკრძალება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. არავინ არ იცის იმპიჩმენტის გამოცხადების საპასუხოდ ექსცენტრიული მილიარდერი უახლოეს დღეებში რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ სენატორებმა არ უნდა დაამტკიცონ პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რითაც ტრამპსა და მის მომხრეებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების პერსპექტივას შეუქმნიან, რაც განმუხტავს სიტუაციას და ახალ ხელისუფლებას დროის მოგების შესაძლებლობას მისცემს. ხოლო ინაგურაციის შემდეგ ვთქვათ „მოულოდნელად“ დადებენ გამოძიების მასალებს რითაც დამტკიცდება, რომ ტრაპს და მის საარჩევნო შტაბს რუსეთის სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირში ჰქონდათ. ეს ქმედება მის პოლიტიკურ ამბიციებზე საბოლოო და მსუყე წერტილის დასმის ტოლფასი იქნება. შესაბამისად ტრამპს პოლიტიკურად ისე გაანეიტრალებენ, რომ სახელმწიფოსთვის სერიოზული ზიანის მიყენებას ვერ მოახერხებს. სხვა შემთხვევაში არაპროგნოზირებადმა და იმპულსურმა მილიარდერმა შეიძლება დარჩენილი კოზირი გაათამაშოს, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რაც დიდი რისკების შემცველია. არის მოვლენების განვითარების კიდევ ერთი სცენარი, სადაც ტრამპი არ ჩერდება და უკიდურეს შემთხვევაში აშშ-ის ისტორიაში პირველად, მას როგორც ექს-პრეზიდენტს იგივე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან კავშირის ან არეულობის მოწყობის მოტივით წაუყენებენ ბრალს.

მიმდინარე დღეებიის განმავლობაში გამოჩნდება რამდენად გამართულად მუშაობს აშშ-ში საუკუნეების განმავლობაში ნაშენები პოლიტიკური სისტემა, თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით და კრიტიკულ სიტუაციებში რამდენად არიან ისინი მოწოდების სიმაღლეზე. მათ შორის კარგად გამოჩნდება ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტურობა, მათზე ეხლა ბევრი რამ არის დამოკიდებული. იმის მიხედვით დროულად აღმოფხვრიან თუ არა ისინი რადიკალურად განწყობილი ამერიკელი მოქალაქეების ქმედებებს შეგვიძლია ვთქვათ რამდენად შეესაბამება მათზე არსებული მითები სინამდვილეს, თითქოს ისინი ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ ქვეყანაში და მსოფლიოში. ისე სიმართლე ითქვას ამ მითების გავრცელებას საკუთარი იმიჯის შესაქმნელად თვითონ სპეცსამსახურებიც უწყობენ ხელს.

ნათქვამია კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობსო. მე ვიტყოდი არც ცეცხლი არსებობს კვამლის გარეშე. ტრამპიზმის როგორც მოვლენის ჩამოყალიბების გენეზისი ტრამპის პოლიტიკაში გამოჩენით არ იწყება და არც მისი დამარცხების შედეგად გაქრება სამყაროში. რადგან ტრამპიზმი ეს მარტო ტრამპი არ არის. იმისათვის, რომ კარგად გავაცნობიეროდ რას წარმოადგენს ტრამპიზმი უნდა გავიხსენოთ, რომ მის ხელისუფლებაში მოსვლას ადამიანების გარკვეულ ჯგუფებში განსაკუთრებულმა განწყობებმა შეუწყეს ხელი. ვინ არიან ეს ადამიანები? რიგითი ამერიკელები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან იმით, რომ საგარეო პოლიტიკის ამოცანების გადაწყვეტა და წარმატება მათ მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე ხდება. ისინი ფიქრობენ, რომ აშშ-ს მთავრობა ბევრს ფიქრობს საგარეო პოლიტიკაზე და ნაკლებს საკუთარ ხალხზე. ბევრ ფულს ხარჯავს სხვადასხვა სამხედრო კამპანიებში და ნაკლებს ქვეყნის შიგნით სოციალურ პროგრამებზე. და ეს ხდება მაშინ, როცა ჩინური პროდუქციის გაზრდილი იმპორტის გამო ქვეყანაში უმუშევრობა იზრდება, რასაც მათი სამუშაო ადგილები ეწირება, ხოლო რაც რჩება მათ ნაწილს სხვადასხვა ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსული იაფი მუშახელი იკავებს. ამ ადამიანებს მოქმედი პოლიტიკური სისტემის მიმართ უსამართლობის განცდა რჩებათ იმის გამოც, რომ 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა რიგითი ამერიკელები დააზარალა, ხოლო ბანკები მშრალად გამოვიდნენ კრიზისიდან. ისინი ფიქრობენ, რომ სახელმწიფო აპარატიც და მედიაც ძირითადად ბანკების ინტერესებს იცავენ და არა მათი ანუ რიგითი მოქალაქეების.

სწორედ ეს განწყობები გამოიეყენა ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი საარჩევნო ლოზუნგი იყო ამერიკა ამერიკელებისთვის, რამაც ვნახეთ, რომ იმუშავა. საბოლო ჯამში ტრამპიზმი თავის თავში აერთიანებს, ანტიგლობალურ, ნაციონალურ და სხვა დისკრიმინაციულ განწყობებს. რაც შეეხება ქვეყნებს სადაც ტრამპისტული ხედვები კარგ ნიადაგს პულობენ ესენი არიან ისეთი სახელმწიფოები, სადაც გლობალიზაციის პროცესების განვითარებას მაქსიმალურად ხელს უწყობენ. ესენია ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთი და სხვა.

ამერიკელების მსგავსად რიგითი ევროპელებიც შეწუხებული არიან ცალკე ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული დევნილების ნაკადებით, ცალკე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გამოქცეული ემიგრანტებით და ცალკე სუსტი ეკონომიკის მქონე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხარჯების დაფინანსებით (მაგალითად როგორიც არის საბერძნეთი). სწორედ მსგავსი განწყობების გაღვივება და მომძლავრება გახდა იმის მიზეზი, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
ტრამპიზმი, როგორც მიმდინარეობა შესაძლოა დეტონატორი აღმოჩნდეს პროცესების, რომელიც ცივილიზირებულ სამყაროს მიიყვანს დღეს არსებული სოციალური-ეკონომიკური ფორმაციის რღვევამდე. კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციას თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. გამონაკლისი ამ მხრივ არც კაპიტალიზმი არ იქნება. 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა, ფინანსურ სამყაროში ელექტრონული ფულის (ბიტკოინების) დამკვიდრებამ, კორონა ვირუსის პანდემიამ (დისტანციური ურთიერთობების პრაქტიკაში მასიურად გამოყენებამ), სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლოა ახალი სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის ჩამოყალილებას შეუწყოს ხელი. ყველა შემთხვევაში, კარგად თუ ცუდად, უახლოეს მომავალში მსოფლიოში დიდი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სახეცვლილებების მომსწრენი გავხდებით.

 

ავტორი: ალექსი ნონიაძე