Wizzair აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ იცის, როდის აღადგენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს.

ნეტგაზეთმა ავიაკომპანიას მას შემდეგ მიმართა, რაც 4 მარტს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს 20 მიმართულებით მარტის ბოლოდან აღადგენდა.

დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიაში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ლიდერია საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რთულია ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღის დასახელება. ამის მიზეზად კი კომპანია ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლებიც სხვადასხვა შეზღუდვით ვირუსის გარცელების შეჩერებას ცდილობენ.

“ვიზიარი” საქართველოდან ფრენებს განაახლებს, როგორც კი რეგულაციები და შეზღუდვები ამის საშუალებას მისცემს და მოთხოვნაც გამოჩნდება. ამ ეტაპზე ძალიან ადრე იქნება ფრენების განახლების ზუსტ თარიღზე კომენტარის გაკეთება. [ფრენების განახლების თარიღით] სპეკულაციას არ დავიწყებ, რადგან ვითარება ყველა ქვეყნის ბაზარზე ძალიან ცვალებადია, რადგან მთავრობები Covid-19-ის გავრცელების შესაკავებლად  ცდილობენ, რაც შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ. “ვიზიარი” კვლავ ერთგულია საქართველოსი და ქუთაისიდან ფრენებს აღადგენს, როგორც კი ვითარება ამის შესაძლებლობას მისცემს”,-აცხადებს კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი ანდრას რადო.

4 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ის ავიაკომპანიები ჩამოთვალა, რომლებიც ფრენებს მარტიდან განაახლებენ, მათ შორის დაასახელა “ვიზიარიც”:

“ვიზეარი”, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ფრენებს აღადგენს მარტის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ამ მომენტში არსებული ინფორმაციით, ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს, რაც კვირაში 45 ფრენაა. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია “ვიზიარ აბუდაბი” და ფრენებს შეასრულებს აბუდაბი-ქუთასი-აბუდაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით.”

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოხსნა და გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობაც, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შემოდიან, ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ მცირეა იმ ავიაკომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც გაანახლეს ფრენები.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რას ეყრდნობოდა მინისტრი ვიზიარზე მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისას. როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, “ვიზიარს” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის გაგზავნილი აქვს მოთხოვნა მარტის თვეში 20 მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, სწორედ ამას დაეყრდნო მინისტრი ინფორმაციის გავრცელებისას.

“ვიზეარი” ადასტურებს, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენის ნებართვისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნამდვილად მიმართეს, თუმცა ამატებენ, რომ ფრენების განახლების ზუსტი დრო ამ ეტაპზე არ იციან.