რა აფეთქდა ბეირუთში?

ამონიუმის ნიტრატი ინდუსტრიული ქიმიური ნაერთია, რომელსაც, ძირითადად, სასუქებში იყენებენ, თუმცა ის ასევე გამოიყენება სამთო ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად. მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ დე სილვა “გარდიანთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მისგან გამოწვეული აფეთქების ლიკვიდაცია საკმაოდ რთულია და ეს მხოლოდ განსაკუთრებული ზომების მიღების შემთხვევაში ხერხდება.

მისივე თქმით, ერთი მხრივ, ამონიუმის ნიტრატს ცეცხლის ქრობა შეუძლია, თუმცა თუ ის დაბინძურებულია, მაგალითად, ნავთობით, თავად ხდება მძლავრი აფეთქების წყარო.

“ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ეს მოხდა”, – აცხადებს ის.

ზემოაღნიშნული ნაერთის აფეთქების შედეგად ჰაერში გატყორცნილი ელემენტები სწრაფად ქრება, თუმცა ძლიერმა დამაბინძურებლებმა, შესაძლოა, მოგვიანებითაც შექმნან პრობლემები.

“თუ დააკვირდებით კვამლს, რომელიც აფეთქების შედეგად წარმოიქმნა, ის, ასე ვთქვათ, სისხლისფერი წითელია. ეს ნიტროგენის ოქსიდების დამაბინძურებლებითაა გამოწვეული”, – აღნიშნავს პროფესორი.

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 100 ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ამასთან, პრეზიდენტმა მიშელ აუნმა დღეისათვის მთავრობის სხდომა ჩანიშნა, სადაც 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.

ქვეყნის პრემიერის თქმით, მომხდარში დამნაშავეები “შესაბამის ფასს გადაიხდიან”.

წყარო

2020-08-05T12:51:16+04:00აგვისტო 5th, 2020|