ყირგიზეთის დედაქალაქში საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით შეკრებილი დემონსტრანტები 5 ოქტომბრის ღამით შეიჭრნენ შენობაში, რომელშიც პარლამენტი და პრეზიდენტის ოფისია განთავსებული. მათ სხვა სამთავრობო შენობების დაკავებაც შეძლეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პროცესები ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების უკანონო მცდელობად შეაფასა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროტესტისა და შეტაკებებისას 1 ადამიანი დაიღუპა, 600 კი – დაშავდა.

ბიშკეკის ცენტრში ვითარება 5 ოქტომბრის საღამოს დაიძაბა. აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტისკენ გზის გათავისუფლებას ცდილობდნენ, სპეც. რაზმმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. თუმცა, რამდენიმე საათში დემონსტრანტები ცენტრალურ მოედანზე დაბრუნდნენ და სახელმწიფო დაწესებულებებს შეუტიეს.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოების თანახმად, დემონსტრანტთა ნაწილმა ღობეზე გადასვლით, ნაწილმა კი ცენტრალური ჭიშკრიდან შეძლო ე.წ. თეთრ სახლში შესვლა, სადაც პარლამენტი და პრეზიდენტის ოფისი მდებარეობს. შენობაში, მოგვიანებით, ცეცხლიც გაჩნდა, რომლის ლიკვიდირებასაც მეხანძრეები ცდილობდნენ.

“რადიო თავისუფლების” ყირგიზეთის ბიუროს თანახმად, შენობაში შესულმა დემონსტრანტებმა საპრეზიდენტო განყოფილების ოთახებიც დაიკავეს, დააზიანეს ავეჯი, ერთ-ერთ ოთახში კი პრეზიდენტ სოორონბაი ჯეენბეკოვის პორტრეტი ჩამოხსნეს და ჩარჩოდან ამოაგდეს.

დემონსტრანტთა სხვა ჯგუფებმა დაუბრკოლებლად შეძლეს სახელმწიფო ტელევიზიისა და ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის შენობების დაკავება. კომიტეტის შენობაში მდებარე იზოლატორიდან მათ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს, რომელსაც სახელმწიფო კორუფციას ედავებოდა.

 

რადიოს ცნობით, აქციის მონაწილეებმა პატიმრობიდან ასევე გაათავისუფლეს პარლამენტის ყოფილი წევრი სადირ ჯაფაროვი და ყოფილი პრემიერ მინისტრი საფარ ისაკოვი, რომელიც ერთ-ერთი სოფლის სასჯელაღსრულების კოლონიაში იყო მოთავსებული.

პრეზიდენტი ჯეენბეკოვი ზემოაღნიშნულ მოვლენებს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოეხმაურა და “ზოგიერთ პოლიტიკური ძალა” ძალაუფლების ხელში ჩაგდების უკანონო მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შეხვდა ოპოზიციური პარტიები ლიდერებს და მზად არის, არჩევნების შედეგები გააუქმოს, თუ ეს აუცილებელი იქნება.

არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო ბარიერის გადალახვა. აქედან სამი, “რადიო თავისუფლების” თანახმად, განიხილება, როგორც პროსამთავრობო ან არსებული დღის წესრიგის შენარჩუნების მომხრე. ისინი ასევე მხარს უჭერენ ქვეყნის მეტად დაახლოებას რუსეთთან.

ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩაიარა, რომელთა შორისაც იყო “ხმების ყიდვა”. პროცესის გამჭვირვალობას ეჭვქვეშ აყენებს ეუთოც: ორგანიზაციის თქმით, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა “სანდო ბრალდებები ხმების ყიდვაზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”.