ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს, დავით კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი დავით კობაიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებული სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმის მასალებში არც ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული და არც მოწმეები არიან.

შეგახსენებთ, სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.