ქართველი ჯარისკაცი თუკი როდესმე იყო დაცული ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ 2013 წლიდან ჩავებით ევროპული სასამართლოს წინაშე სტრასბურგში და ასევე ჰააგის სასამართლოში გამოძიების პროცესში, სწორედ იმ რეალობის საჩვენებლად რომ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის ჯარები. რუსეთმა ​ხელყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, მორიგჯერ განახორციელა ეთნიკური წმენდა, აწამა და სიცოცხლე წაართვა ჩვენს სამხედრო ტყვეებს და განახორციელა მრავალი სხვა დარღვევა ქონებრივი უფლებების ჩათვლით“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცი თუ როდესმე თავს არ გრძნობდა დაცულად, ეს იყო სწორედ იმ მთავარსარდლის პირობებში, რომელიც თავად შეშინებული გაურბოდა რუსეთის ჯარს. „მან ყველაფერი გააკეთა თავისი დაუდევრობით თუ განზრახ რომ მტკიცებულებები ომის დროს და ომის შემდგომ უშუალოდ არ შეგროვილიყო ან გაბნეულიყო და დაკარგულიყო იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ტიტანური შრომა გავწიეთ, რამდენიმე წლის შემდეგ რომ მტკიცებულებები შეგვეგროვებინა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა განმარტა, რომ მათ მოძებნეს ის „ისკანდერი“, რომელიც რუსეთმა ჩამოაგდო 2008 წლის 12 აგვისტოს, ის იარაღი, რომლის ფლობასაც რუსეთი უარყოფდა. „ჭურვის ნამსხვრევების შეგროვება, რა თქმა უნდა, მაშინდელ მთავარსარდალს შეეძლო დაევალებინა თავისი სტრუქტურებისთვის და გონივრულად ეწარმოებინა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა. თუმცა ამ დავას ჩვენ ვაგრძელებთ სწორედ ქართული ჯარის ღირსების დასაცავად, მაგრამ აქვე დავძენ რომ ამ ჯარს და ჩვენს ჯარისკაცს არაფერი სჭირს სხვისი დასაცავი, რადგან ისინი ყოველთვის კანონის დაცვით ემსახურებოდნენ საკუთარ სამშობლოს. რაც შეეხება ყოფილ მთავარსარდალს, ვფიქრობ რომ წარდგენილი დოკუმენტით ის უბრალოდ საკუთარი თავის ჩვენებას ან საკუთარი თავის დაცვას უნდა ცდილობდეს”, – განაცხადა წულუკიანმა.