ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ისევ თურქეთის ციხეში დააბრუნეს

საქართველომ ე.წ. კანონიერი ქურდის, ლავასოღლის ექსტრადირება საქართველოში არ მოახდინა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 28 თებერვალს დაპატიმრების ვადა თურქეთში ამოეწურა, თუმცა ქართულმა მხარემ იგი არ დააბრუნა.

„მოგეხსენებათ, მინდია გორაძეს, იგივე მინდია ლავასოღლის დაპატიმრების ვადა თურქეთში 28 თებერვალს ამოეწურა. 28 თებერვლის შემდეგ ის უნდა გადმოეცათ საქართველოსთვის, უნდა მომხდარიყო მისი ექსტრადირება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ციხეში მას წელიწადზე მეტი აქვს გატარებული, თურქეთს მასთან არავითარი პრეტენზია არ აქვს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას ბრალს სდებენ, ეს არის საქართველოში გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და ამ განაჩენის აღსასრულებლად ის უნდა გადმოყვანილი ყოფილიყო საქართველოში“,- ამბობს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.

როგორც „ლავასოღლის“ ადვოკატი ამბობს, ის საქართველოში 29 თებერვალს უნდა გადმოეყვანათ, თუმცა ერთდღიანი გათავისუფლების შემდეგ, ისევ თურქეთის ციხეში დააბრუნეს.

„თურქულმა მხარემ ფაქტობრივად 28 თებერვალს გაათავისუფლა პატიმრობიდან, ოღონდ ის წაიყვანეს სადეპორტო განყოფილებაში, ციხე არ არის, თუმცა ციხის ტიპის დაწესებულებაა, სადაც სადეპორტოდ გამზადებული ადამიანები არიან მოთავსებული. „ლავასოღლი“ განათავსეს სადეპორტო განყოფილებაში და ელოდებოდნენ მის გადაყვანას საქართველოში. როცა გავიდა ერთი დღე და საქართველომ არ მოახდინა მისი ექსტრადირება, მათ ჩაატარეს სასამართლო პროცესი და ისევ დააპატიმრეს, თუმცა გაურკვეველია რამდენი ხნით“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ქართულმა მხარემ წინასაარჩევნოდ თავი შეიკავა მის ექსტრადირებაზე. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ გასაჩივრებას.

წყარო: პრაიმტაიმი

2020-03-03T15:14:38+04:00მარტი 3rd, 2020|