ქართველები დიდი ქორწილების გადახდას ისევ მივეჩვიეთ, არ შეიძლება ეს!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 15, 20, თუნდაც 30 ახალი შემთხვევა ყოველდღიურად საგანგაშო არ არის და პანიკის საფუძველს არ იძლევა, არც ღონისძიებების გამკაცრების საჭიროებას ქმნის.

„5 შემთხვევა იქნება, 3 თუ 0, ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ, რადგან კორონა არსად გამქრალა, ის ჩვენს გვერდით არის და ცირკულირებს, თუმცა არ ცირკულირებს ისეთი ინტენსივობით, როგორც ვთქვათ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში დაგვჭირდება თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. საჭიროა ატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია… ისევ მივეჩვიეთ ქართველები დიდი ქორწილების გადახდას, არ შეიძლება ეს. ბევრი ადამიანი დაქორწინდეს ქვეყანაში და ბევრი ადამიანი გაბედნიერდეს, მაგრამ პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ ამ დიდი თავშეყრებისგან, რადგან ეს არის რისკის მომატების საფუძველი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
2020-08-05T12:59:10+04:00აგვისტო 5th, 2020|