პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიული სტრუქტურების მეშვეობით დაიწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, “რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”. შალვა პაპუაშვილის თქმით, “ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.”

“ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულებს, ადმინისტრაციულ გადაცდომებს, ამაზე შესაბამის ორგანოებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ, თქვა შალვა პაპუაშვილმა, რომლის განმარტებითაც, არის “შემთხვევები ვერბალური ძალადობისა, მუქარისა და შანტაჟისა, რასაც არ აქვს სისხლისსამართლებრივი განზომილება” და არის განზომილება, “როდესაც ხდება ზეწოლა ადამიანებზე, შანტაჟი, მათი ოჯახის წვერებზე შანტაჟი, რომელიც სისხლისსამართლებრივ განზომილებაში არ ჯდება და აქ მნიშვნელოვანია მორალური შეფასება და ადამიანებმა უნდა შეაფასონ მორალურად.”

მაშინ, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებია, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბაზის შექმნის მიზანია, საზოგადოებამ შეაფასოს “მორალური ტერორი, რომელსაც ახლა ‘ნაციონალური მოძრაობა’ ცდილობს თავის ჯგუფთან ერთად.”

„ვფიქრობ, რომ ადამიანები, რასაც საჯარო განცხადებებში ერიდებიან, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებებიც აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს, სოციალურ ქსელში მათ მიერ ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი გარიყვასთან დაკავშირებით და ა.შ. აღქმა აქვთ ჩამოყალიბებული, რომ ეს არის კერძო საუბარი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის ოთახში ნათქვამი მათი სიტყვები, არამედ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, საზოგადოებაში დაპირისპირებას, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე. ამიტომ, როდესაც საზოგადოებას ამაზე რეაქცია ექნება, ამ საკითხების მორალური შეფასება, თავისთავად უკვე ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებსა და განცხადებებს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებამდე, დღეს, 8 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება ქვეყანაში თითქოს „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების” საფრთხეზე, საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე.

გუშინ კი, 7 მაისს, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც “აგენტების კანონის” გაწვევის მოთხოვნით გამოდიან, ამბობდნენ, რომ უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავდნენ და აგინებდნენ.

 

radiotavisupleba.ge