“ქართული ოცნების” მხრიდან ევროპელი პოლიტიკოსების და კერძოდ, ანდრიუს კუბულიუსის წინააღმდეგ ღია პროტესტს ოპოზიცია აფასებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, “ოცნების” ხელისუფლება საქართელოსთვის ევროპისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოებაა. დეკანოიძე ხელისუფლებას იანუკოვიჩის რეჟიმს ადარებს და ამბობს, რომ საქართველოსაც იგივე ბედი ელის.

გახდეს საქართველო ევროპის ნაწილი, ამ არჩევანის მიმართულებით დაბრკოლებას წარმოადგენს დღეს საქართველოს ხელისუფლება, საქართველოში არსებული ოლიგარქიული ვერტიკალი და ამის შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა. მაგალითად იანუკოვიჩის რეჟიმი, როდესაც ამბობდა, რომ ნუ ერევიან ჩვენი ევროპელი სტრატეგიული პარტნიორები, ვთქვათ, იგივე უკრაინის საქმეებში და როგორ დამთავრდა ის მოვლენები, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

“ევროპული საქართელოს” მდივნის გიორგი კანდელაკის თქმით, “ქართულ ოცნებაში” ბევრია ისეთი ფიგურა, რომელიც ამ დრომდე საბჭოთა კავშრის ერთგული რჩება. კანდელაკი ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას პოლიტიკურ მორალზე საუბრის უფლება არ აქვს.

“ქართულ ოცნებაში” ბევრნი არიან ფიგურები, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს საბჭოთა კავშირს. ამ მანკიერმა თავისებურებამ ჩვენი წარსულისა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს გზაზე. ისეთები, როგორებიც ახლა “ქართულ ოცნებაში” წამყვან პოზიციებზე არიან, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც კი, იყვნენ საბჭოთა კავშირის, ე. ი. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

რამდენად აქვთ მათ დღეს მორალური უფლება, რომ ჩვენ პოლიტიკურ მორალზე და სხვადასხვა აღმატებულ ფასეულობებზე ჭკუა გვასწავლონ, მითუმეტეს, ჭკუა ასწავლონ ანდრიუს კუბილიუსს, – აცხადებს “კანდელაკი.

მმართველი პარტიის ლიდერებმა ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მას შემდეგ გაილაშქრეს, რაც სტრატეგიულმა პარტნიორებმა საქართველოში განვითარებული  ანტიდემოკრატიული პროცესების გამო წუხილი გამოთქვეს.

 

წყარო