ქარიშხალმა ჰანამ „ტრამპის კედელი“ დაანგრია (ვიდეო)

ქარიშხალმა „ჰანამ“ აშშ-სა და მექსიკის საზღვარს შორის არსებული ბარიერის ნაწილი, რომელსაც „ტრამპის კედელს“ უწოდებენ, ჩამოანგრია. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მექსიკელმა ჟურნალისტმა ტვიტერზე გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ აღნიშნული ვიდეო სხვადასხვა ქსელებში გავრცელდა.

ტვიტერზე განთავსებულ „ტრამპის კედლის“ ჩამონგრევის ვიდეოს ამერიკის საბაჟოსა და სასაზღვრო კონტროლის სამსახურის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, აღნიშნული კადრები საეჭვოა, რადგან ვიდეო გადაღებულია დღისით, ხოლო ქაიშხალმა „ჰანამ“ ტეხასის შტატს ღამის საათებში გადაუარა.

აღნიშნულ ვიდეოს ასევე გამოეხმაურა ცნობილი გამოცემის The Washington Post-ის ჟურნალისტი ნიკ მიროფი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ტრამპის კედლის“ ნაწილი ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში დააზიანა. „ეს ნამდვილად მოხდა, უბრალოდ, გაუგებარია, სად არის კადრები გადაღებული“, – განმარტავს მიროფი.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების პირობა ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დადო. 2019 წლის ზაფხულში უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა პენტაგონის სახსრებიდან 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა ორ ქვეყანას შორის კედლის ასაშენებლად.

ცნობისთვის, ქარიშხალი „ჰანა“ ტეხასის შტატს 26 ივლისს დაატყდა. ქარის სიჩქარემ საათში 120 კმ-ს მიაღწია. ძლიერმა ქარმა სამი სატვირთო ავტომობილი გადააბრუნა. უხვი ნალექის გამო დაიტბორა გზები, მოგლეჯილია სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები, ხოლო მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა.

ქარიშხლის გამო ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ამოქმედების შესახებ ბრძანება გასცა, რათა ადგილობრივმა მთავრობამ უფრო სწრაფად შეძლოს დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა შტატის 32 ოლქი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ტრამპმა ტეხასში დაზარალებულების დასახმარებლად აშშ-ის გვარდიის ხომალდი, შვეულმფრენი, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მაშველი კატარღები გააგზავნა.

წყარო

2020-07-27T13:16:00+04:00ივლისი 27th, 2020|