საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, სულ მალე პარტია პროპორციული წესით შესარჩევ კანდიდატთა სიას გამოაქვეყნებს, სადაც უფრო მეტი ქალი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

დღეს „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი 30 კანდიდატიდან, მხოლოდ ერთია ქალი.

თალაკვაძეს ჰკითხეს, რას უპასუხებდა პარტია იმ პოლიტიკოსებს თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარებში მხოლოდ ერთი ქალის დასახელების გამო აკრიტიკებენ:

„ჩვენ ვუპასუხებთ არჩევნებით ამას. თქვენ ნახავთ, რომ ახალ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა იქნება უფრო მეტი და უფრო მეტად გარანტირებული, ვიდრე ეს იყო ნებისმიერ წინა პარლამენტში. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავრობაში გენდერული ბალანსი თითქმის 50/50-ზეა, ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი და საქართველოს პრეზიდენტი, პირველად ისტორიაში .. და ეს იყო ჩვენ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი არის ქალი,“ – ამბობს თალაკვაძე.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი რამ გაკეთდა ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

„პროპორციული სიის წარდგენას დაელოდონ ჩვენი ძვირფასი ოპონენტები და ნახავენ, რამდენი ქალი იქნება ახალ პარლამენტში. სხვათა შორის, უბრალოდ სირცვხვილია, როდესაც ამაზე გვაკრიტიკებენ ის ადამიანები, რომლებმაც კვოტებს მხარი არ დაუჭირეს,“ – ამატებს თალაკვაძე.