პროკურატურა ადვოკატებს აფრთხილებს, არ გაასაჯაროვონ შაქარაშვილის საქმის მასალები

გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების საწყის ეტაპზე საქმის მასალების გასაჯაროება შემდგომში ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებების შედეგებზე გავლენას ახდენდა.

“გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები სრულად გადასცა, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე.

2020-08-12T16:17:31+04:00აგვისტო 12th, 2020|