პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება და სპეკულაციური, პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, გულწრფელად გითხრათ, მის ადგილას პირადად მე ასე არ მოვიქცეოდი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მგონია, რომ პრეზიდენტის მოტივაცია ასეთი იყო – მან მიიჩნია, რომ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება და სპეკულაციური, პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, გულწრფელად გითხრათ, მის ადგილას პირადად მე ასე არ მოვიქცეოდი. საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რადიკალურ ოპოზიციას რაიმე მძლავრი იარაღი ჰქონდა. თუმცა ის პრეზიდენტია, ცალკე ინსტიტუტია, ეს მისი საქმეა. ასეთია მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შეეგუოს. ახლა რადიკალურ ოპოზიციას შეიძლება სპეკულაციისთვის კიდევ უფრო მეტი საფუძველი მიეცეს, თუმცა ერთია პრაგმატულობა და მეორე – რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება ემოციურად და მორალურად, როცა ერთ ადამიანს 48 მილიონის გაფლანგვაში, მეორეს კი პარლამენტზე შტურმის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი. მე ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდი, თუმცა პრეზიდენტის მოტივაცია გასაგებია“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

წყარო