პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ანხორციელებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი შედგა; საუბარი შეეხო იმ ერთობლივ ძალისხმევას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან ერთად პანდემიის ბრძოლის კუთხით ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკანიანის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან ახლო მეგობრები და საქართველოს ევროკავშირის სახით ძალიან ძლიერი მეგობარი ჰყავს.

„ეს დადასტურდა კრიზისის პერიოდში ჩვენი ძალიან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, რაც გამოიხატა კონკრეტულ შედეგებსა და იმ ხელშესახებ ფინანსურ მხარდაჭერაში, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ ზომების შესახებ, რომელიც საქართველომ მიიღო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რასაც ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა. მისი მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკომისია მომავალშიც მზად არის, განაგრძოს ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობა და ასევე ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღემდე ხორციელდებოდა ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

მინისტრის თქმით, ვიდეოკონფერენციისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ და ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპული მხარდაჭერა, ევროპული სოლიდარობა, რაც გამოიხატა კიდეც ამ დღეებში ევროკავშირის ელჩის განცხადებით. ევროკომისიის პრეზიდენტისგან მივიღეთ რწმუნება, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც იქნება შეუქცევადი და მკაფიო. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით მიმდინარე პროცესებზე. ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ, იგივე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტმა უაღრესად მაღალი შეფასება მისცა“, – განაცხადადავით ზალკანიანმა.

მინისტრის განმარტებით, ვიდეოკონფერენციისას ასევე განიხილეს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია და ის შესაძლებლობები, რომელსაც ასოცირების შეთანხმება აჩენს.

„ამ თვალსაზრისით აღინიშნა შავი ზღვის არეალსა და რეგიონში თანამშრომლობა, არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის ვიდეოკონფერენცია დღეს გაიმართა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

2020-04-20T15:55:08+04:00აპრილი 20th, 2020|