სულ ახლახან „ფეისბუქმა“ წაშალა რუსული სააგენტო News-Front-ის ქსელი, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში,- ამის შესახებ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე, მიხეილ ბენიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, ერთი კარგი ამბავი მაქვს – როგორც ჩანს, სულ ახლახან „ფეისბუქმა“ წაშალა რუსული სააგენტო News-Front-ის ქსელი, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.

„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვე ვაკვირდებოდით News-Front Georgia-ს და მასთან დაკავშირებული 12  ანგარიშის მიერ „ნიუს-ფრონტის“ მასალების არაავთენტურ გავრცელებას სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფებში.

„ფეისბუქის“ წარმომადგენლებთან ინტერაქციის შედეგად, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ „ფეისბუქი“ მუშაობდა News-Front-ის არაავთენტური ქსელის გამოვლენაზე როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.

გასულ კვირაში ჩვენ მათ წინასწარ მივაწოდეთ ჩვენი მონიტორინგის შედეგები.

დღეს კი ეს 12 ანგარიში და რაც მთავარია, თავად News-Front Georgia „ფეისბუქზე“ აღარ იძებნება. წაშლილია „ნიუს-ფრონტის“ ინფრასტრუქტურა სხვა ქვეყნებშიც.

უახლოეს საათებში გავასაჯაროვებთ იმ ანგარიშს, სადაც დეტალურად აღვწერთ ამ არაავთენტური ქსელის მოქმედებას“,- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ ბენიძე.

 

წყარო: პრაიმტაიმი