დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს და განმარტავს, რომ ფალსიფიცირებულ ინფორმაციასთან ბრძოლა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებაა.

„რატომ გადავწყვიტეთ მერიაში ამ მიმართულების ვიდეოკომუნიკაცია თბილისელებთან და ყველასთან ვისაც აინტერესებს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენები? ვფიქრობ, ამ პრობლემასთან გამკლავება არის ჩვენი ვალდებულება მოსახლეობის წინაშე, პირველ რიგში მათ წინაშე, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და დედაქალაქის განვითარება გვანდო. დეზინფორმაცია არის პოლიტიკური თუ ეკონომიმური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. მეგასახელმწიფოებმა ღიად გამოაცხადეს ამ პრობლემის შესახებ და უმაღლეს დონეზე ხდება ამ მიმართულებით რესურსის მობილიზება. ყველა კარგად ხედავს, თუ როგორი დამანგრეველი ძალა აქვს დეზინფორმაციას, რა საფრთხის შემცველია საზოგადოების მოტყუება და სიცრუის ტირაჟირება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, „ფეიქ ნიუსი“ არის ბოროტება და საქართველოში პოლიტიკურ იარაღად მისმა გამოყენებამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ, დავიცვათ ჩვენი სიმართლე. ჩვენ არ დაგვიწყია ეს კონფრონტაცია, უბრალოდ ვებრძვით მედიის გამოყენებას ტყუილის პროპაგანდისტად. ჩვენ ამ პროექტით ვიცავთ თითოეული კეთილსინდისიერი ჟურნალისტის პროფესიონალიზმს, ვიცავთ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელის შრომას, ვიცავთ მოქალაქეების განწყობას, დროს და ნერვებს. ელემენტარულად ვიცავთ სიმართლეს. დღეს ვეხმიანები ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს. მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, ეს არ არის რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, ნამდვილად არის ტყუილის და ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.