„რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლია. 2019 წელს სასამართლოებმა გასცეს 2279 განჩინება და შესაბამისად, ამდენივე შუამდგომლობა დააკმაყოფილეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით. ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი შეეხება სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. ამ მიმართულებით სასამართლოს მხიდან 1362 განჩინება გაიცა. ფაქტობრივად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვის განჩინებების რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც წინა წელს იყო. ჩვენ მონიტორინგის განხორციელების პროცესში გვაქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეჩერების უფლებამოსილებაც და ეს შეჩერების მექანიზმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2019 წელს 98 შემთხვევაში გამოიყენა. შეჩერების მექანიზმის გარდა, ვამოწმებთ შესაბამის უწყებებს, რამდენად კანონიერად ხორციელდება ეს მოქმედებები, ვამოწმებთ ინფრასტრუქტურას, მისი ჩატარების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობასთან, ვგულისხმობ სისხლის სამართლისა და ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობას. ჩატარებული შემოწმების შედეგად დავადგინეთ სამართალდარღვევის 4 ფაქტი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს“,-განაცხადა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე , პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.