პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 21 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. 136-მა დეპუტატმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. წინააღმდეგი წავიდა 5 დეპუტატი.

კერძოდ, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით:

  • 150 დეპუტატიდან 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, 30 კი – მაჟორიტარული;
  • პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილია 1%-იანი ბარიერი;
  • რამდენი პარტიაც შედის ბლოკში, იმდენპროცენტიანი ბარიერი უწესდება მას;
  • გაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებსაც უდიდესი ნაშთი აქვთ მიღებული;
  • ხმების 40%-ის მიღების შემთხვევაში პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, ანუ 75 ადგილზე მეტს პარლამენტში. შესაბამისად, ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას და საჭირო იქნება კოალიციური პარტიის შექმნა;
  • იცვლება ოლქების განაწილება;
  • მარტივდება პარტიების რეგისტრაციის წესი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომელიც წარადგენს 5 ათას ხელმოწერას. ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება კვალიფიციური სუბიექტის მქონე 19 პარტია და ყველა ის პარტია, რომელსაც დამოუკიდებლად ან ბლოკთან ერთად ბოლო არჩევნებზე 15 ათასზე მეტი ხმა აქვს მიღებული;
  • თუ 2024 წლამდე ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ეს არჩევნები ჩატარდება 2020 წელს მიღებული სისტემით და რიგგარეშე პარლამენტის უფლებამოსილების ვადა იქნება 2024 წლის ოქტომბრამდე. 2024 წელს კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად მაჟორიტარული სისტემით.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ უმრავლესობის 92 დეპუტატი გარანტირებულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ ცვლილებების საბოლოოდ მიღებას კი, სულ მცირე, 113 ხმა სჭირდება. ცვლილებებისთვის მხარდაჭერას აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, კონსერვატორები, ასევე სოციალ-დემოკრატებისა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ თუ პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ “მთავარი არხის” დამფუძნებელ გიორგი რურუას, ისინი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. “ევროპული საქართველოს” თქმით კი მათ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს პირველი მოსმენით, რათა ხელისუფლებას არ ჰქონოდა პირველივე მოსმენაზე პროექტის ჩაგდების საბაბი, თუმცა თუ პატიმრობიდან არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, ისინი ცვლილებებისთვის მხარდაჭერას მე-2 და მე-3 მოსმენისას არ აპირებენ.

8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა 19 ივნისს გაავრცელეს განცხადება და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

 

წყარო

2020-06-21T14:23:34+04:00ივნისი 21st, 2020|