ორგანიზებული ჯგუფები საქართველოდან, ბინებიდან მაღაზიების ძარცვაზე გადავიდნენ – ევროკომისია

“ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ აქტიურობენ შენგენ+ ზონაში და საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ”, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის.

ეს არის მესამე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მიმოიხილავს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, როგორ ასრულებენ საქართველო, უკრაინა, მოლოვა და სხვა ქვეყნები ნაკისრ ვალდებულებებს.

“ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა საქართველოდან, ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში თავიანთი საქმიანობა შეცვალეს და სახლების ძარცვებიდან მაღაზიების ორგანიზებულ ძარცვებზე გადავიდნენ. ამასთანავე, ზოგიერთი მათგანი თავიანთი საქმიანობისთვის სხვა ქვეყნებში წავიდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად ბოლო წლებში ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფოს ორგანიზებულ დანაშაულთან გასამკლავებლად გაზრდილი ძალისხმევის გამო მოხდა.

გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ დაპატიმრებულ კრიმინალთა შორის გაიზარდა საქართველოდან შემოსული თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი”, – წერია ევროკომისიის მომზადებულ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, კიბერდამნაშავეები საქართველოდან ჩართულები იყვნენ საერთაშორისო GozNym კრიმინალურ ქსელში, რომელიც 2019 წლის მაისში ევროპის პოლიციის სამსახურის (Europol) 6 მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო სამართალდამცავი ოპერაციის შედეგად იყო ლიკვიდირებული.

როგორც ევროკომისია აღნიშნავს, საქართველომ გაამყარა საერთაშორისო სამართალდამცავი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან (Europol) და ევროკავშირში საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელი გააძლიერა.

ევროკომისია აცხადებს, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის (2017-2020) ახლახანს მიღებული სამოქმედო გეგმის (2019-2020) ფარგლებში, საქართველომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო გააძლიერა. იგი ასევე აგრძელებს დანაშაულის ანალიზის თანამედროვე მექანიზმების გაძლიერებას ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობის თანდათანობითი დანერგვის გზით.

წყარო

2020-07-11T00:39:52+04:00ივლისი 11th, 2020|