„პერსპექტივა იმისა, რომ მათ რაიმე უპირატესობა მოიპოვონ პოლიტიკური, არ არსებობს და აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილში არის ჩამოყალიბებული”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ღია წერილს, რომლითაც ისინი საქართველოს პარტნიორებს მიმართავენ.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს. მისივე თქმით, წერილში კვლავ წინ არის წამოწეული პოლიტპატიმრების თემა.

“ეს თემა, რომ ვიღაც არის პოლიტპატიმარი – ადამიანი, ვინც ათეულობით მილიონი თანხა მოპარა ბიუჯეტს ან თუნდაც ადამიანები, ვინც ორგანიზებულად უტევდნენ პარლამენტს, რათა შიგ შემოჭრილიყვნენ – ეს საკითხი არის წინწამოწეული და კვლავ ძველ თემას ვუბრუნდებით. მითქვამს და გავიმეორებ: მათი ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს. ამ შემთხვევაში, ეს პოლიტპატიმრობის თემა იქნება წინწამოწეული მიზეზი. ეგონათ, რომ ჩვენგან არ იქნებოდა კომპრომისი დაშვებული. დავუშვით კომპრომისი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და პერსპექტივა იმისა, რომ მათ რაიმე უპირატესობა მოიპოვონ პოლიტიკური, ამის პერსპექტივა არ არსებობს. აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილში არის ჩამოყალიბებული”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა შეუერთდა.

„სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობის” კლასტერს შეუერთდა ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება და პასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე აქვთ დავიწყებული”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​

 

წყარო: kvira.ge