“ლეობორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ.

შეხვედრის დაწყებამდე საარჩევნო საკითხზე ოპოზიციის გაერთიანებული ფორმატის კოორდინატორმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ მისი ხედვაა, დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი ოპოზიცია პოლიტიკური ძალები არჩევნებზე ერთიანი კოალიციით გავიდნენ.

“გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ერთიანი კოალიციის შექმნის ინიციატივა დღის წერიგში არ დგას და თუ ვინმე დააყენებს, მისი პოზიცია იქნება, რომ “გირჩი” ვერავისთან კოალიციაში ვერ წარმოუდგენია. კოალიციის ნაცვლად, ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე და პრინციპულ საკითხებზე უნდა შეთანხმდეს.

“შეიძლება დავიწყოთ საუბარი მაჟორიტარ კანდიდატებთან მიმართებაში, რომ ერთმანეთს არ დავუყენოთ კონკურენტები. რაც შეეხება სხვა საკითხებს, არარეალური მგონია, რომ რაღაც კოალიცია გაკეთდეს ამ პარტიებისგან. მგონია, რომ პარტიები დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ არჩევნებზე. მაჟორიტარები არ უნდა დავუყენოთ ერთმანეთს, ისევე როგორც არსებითი მგონია, რომ შეთანხმება იყოს პრინციპულ საკითხებზე – როდესაც ვცვლით ხელისუფლებას, ამის მერე რას ვაკეთებთ კოალიციურ მთავრობაში. ისეთივე ტიპის შეთანხმება შეიძლება მოხდეს, როგორც მაგალითად, სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, სადაც გვაქვს ერთიანი ხედვა, როგორ უნდა შევცვალოთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

წყარო