საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ოპოზიციის იმ წარმომადგენლების განცხადებებს, რომელთა თქმითაც, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობს ციხეებიდან 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ დაკავებული პირების, ასევე, გიგი უგულავას გათავისუფლებას. ამის შესახებ კობახიძემ “იმედის კვირაში” ისაუბრა.

“ბუნებრივია, დღეს ვერანაირი მემორანდუმი ვერ გაფორმდებოდა, რომელიც აცდენილი იქნებოდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიიღება კონკრეტული დამოუკიდებელი ორგანოების მიერ: ეს არის პროკურატურა, სასამართლო.

თუ შეწყალებაზეა საუბარი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დამოუკიდებელია პოლიტიკური ხელისუფლებისგან. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა არც ფორმალური და არც მატერიალური ბერკეტი, რომ რაიმე ასეთი დაპირება გაგვეცა კონკრეტულ ინდივიდებთან დაკავშირებით”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ეს ნიშნავს იმას, რომ მომავლში არ უნდა მოხდეს ისე, რომ ვინმემ გამოიყენოს კონკრეტული ორგანოები, სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ამ განცხადების შინაარსი, რომელსაც შევუერთდით. რაც შეეხება ოპოზიციის ინტერპრეტაციებს, ეს აცდენილია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. შესაბამისად, მათ განცხადებებს არ აქვს საფუძველი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიცემა ვერავითარი პირობა იმასთან დაკავშირებით, ვინ და როდის უნდა გათავისუფლდეს. ერთადერთი, ვისაც აქვს ამის საშუალება, ეს არის პროკურატურა, სასამართლო და გამონაკლის შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტი”, – აღნიშნა კობახიძემ.