“ოპოზიცია რეგიონებში მცირემასშტაბიანი აქციების სერიას იწყებს და, დაახლოებით, 2 თვის შემდეგ, 15 მაისს პარლამენტის წინ შემაჯამებელ აქციას გამართავს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამით ოპოზიცია რისკზე მიდის, რადგან ამ დროისთვის ხალხის ფართო მასების ქუჩაში გამოყვანა თუ ვერ შეძლეს, ადგილობრივ არჩევნებზე პერსპექტივასაც და ერთიანობასაც დაკარგავს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიციის ახალი გეგმა – რა რისკზე მიდის “ნაცმოძრაობა” და რისი ეშინია “ოცნებას”.

“ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგონებსა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს. დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე. ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა 20 მარტს, ეს კი ზუსტად ის დღეა, როცა ოპოზიციამ ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა”, – აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” საუბარში ოპოზიციას ურჩევს დაახლოებით ისეთი მოსამზადებელი კამპანიის ჩატარებას, როგორიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გრიგოლ ვაშაძეს ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში 15 მაისის აქცია საკმაოდ ხალხმრავალი და, შესაბამისად, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება. ჩიტაძე ამბობს, რომ პარალელურად საჭიროა, ოპოზიციას დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან კომუნიკაცია ჰქონდეს. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს აქციის მაისისთვის გადადება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, თუ 15 მაისს ოპოზიციამ აქციაზე ხალხის საკმაოდ სოლიდური მობილიზება ვერ მოახდინა, შესაძლოა, ოპოზიციის ერთიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. “ხელისუფლებას მხოლოდ რუსთაველზე გამართული პერმანენტული და მრავალრიცხოვანი აქციები აშინებს და ოპოზიცია ერთჯერადი, თუნდაც მრავალრიცხოვანი პროტესტით პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის”, – ასე ეხმიანება “რეზონანსთან” ოპოზიციის გეგმებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი”, – განაგრძობს გამოცემა.

“აქციის გადადება სწორად მიმაჩნია, რადგან მომზადებაა საჭირო. ჯერჯერობით, ხალხის გამოსაყვანად რესურსი არაა, ორ თვეში კი კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება შედარებით გამოსწორდება. პირველ რიგში, მათ ამ პერიოდის განმავლობაში სურთ, რომ მოსახლეობის ცნობიერება აამაღლონ იმასთან დაკავშირებით, თუ „ქართული ოცნების” მმართველობა ქვეყანას რა პრობლემას უქმნის და მოსახლეობის ის ნაწილი თავის მხარეზე გადაიბირონ, რომელიც შედარებით ნეიტრალურად არის განწყობილი. მათ რეალური ვითარება უნდა აუხსნან და შემდგომში თბილისში მასშტაბური აქცია განახორციელონ. ხელისუფლებამ ისედაც დიდი შეცდომები უკვე დაუშვა. აქ მთავარი ის კი არაა, ამ ხნის განმავლობაში კიდევ დაუშვებს თუ არა, აქ მთავარი ისაა, რომ ოპოზიციამ ხალხს მიაწვდინოს ხმა, რომ სისტემა რომ შეიცვლება, ამით მათი მდგომარეობა გამოსწორდება. ამ დროის განმავლობაში თუ სწორ საინფორმაციო პოლიტიკას გაატარებენ და მოსახლეობაში ეჭვს გაფანტავენ, შესაძლებელია, ხალხის დიდი მასა შეკრიბონ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ გრიგოლ ვაშაძემ თავის გუნდთან ერთად, რამდენიმე ათასი კოლომეტრი გაიარა, საქართველოს თითოეულ რეგიონსა და დასახლებული პუნქტების უმეტეს ნაწილს ეწვია და ფაქტობრივად პირველ ადგილზე გავიდა. უბრალოდ, მას არჩევნები, ასე ვთქვათ, წაართვეს. საბოლოო ჯამში, მან მეორე ტურში 800 ათასი ხმაც მიიღო. ანუ, ასეთი კამპანია უნდა ჩაატარონ და, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობამ” ხალხს ეჭვი უნდა გაუფანტოს და შეახსენოს, რეალურად რა გაკეთდა. ამის მერე მგონია, რომ ხალხი უნდა დაირაზმოს. პარალელურად ოპოზიციას თავისი ლობისტები ჰყავს ევროპის სახალხო პარტიაში, რომელიც ევროპარლამენტის ფარგლებში ყველაზე მძლავრი პარტიაა, ასევე – სენატში, ასევე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ხმა მიაწვდინონ. შესაძლებელია, ბაიდენთან თვითონ მიხეილ სააკაშვილმა პირადი კონტაქტები გამოიყენოს. ამიტომაც ყველაფერი შესაძლებელია, თუ სწორი სტრატეგია და ტაქტიკა იქნა არჩეული”, – ამბობს ჩიტაძე.

“თუ მათ ამ 15 რიცხვამდე, ორ თვეში, ვერ შეძლეს, რომ საპროტესტო მუხტს საკმაოდ სოლიდური მობილიზება გაუკეთონ, მაშინ ოპოზიცია იმ რეალობის წინაშე დადგება, რომ ან უფრო მეტად გაიშლება, ან იძულებული გახდება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, კომპრომისზე წავიდეს. ამ ორ თვეში მათივე ტელევიზიებიდან და ა.შ. ძალიან დიდი მოლოდინი იქნება შექმნილი და თუ არ გამართლდა, მაშინ მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ და, სამწუხაროდ, კარგავენ არა მარტო პარლამენტში შესვლის, არამედ ადგილობრივ არჩევნებზე სერიოზული წარმატების მიღწევის პერსპექტივასაც, რისი შანსიც მართლა ჰქონდათ… ჯერჯერობით, საზოგადოებაში ისეთი განწყობაა, რომ “ოცნებამ” რაღაც კატასტროფული შეცდომა უნდა დაუშვას, რომ ამას თუნდაც ერთჯერადი ამბოხი მოჰყვეს. ამას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ვერც ამის პერსპექტივას ვხედავ. უფრო ოპოზიციას უჩნდება პრობლემა, რომ 15 მაისს ხალხმრავალი აქცია უზრუნველყოს”, – თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ხელისუფლება შეცდომებს ყოველთვის უშვებს, მაგრამ აქცია 15 მაისისთვის იმიტომ დანიშნეს, რომ, წესით, მეტი შეზღუდვის მოხსნა უნდა დაიწყოს და იმედი აქვთ, რომ ხალხი რეგიონებიდან ჩამოვა. თუ ხელისუფლებამ არსებული შეზღუდვები მაისისთვის არ მოხსნა, ეკონომიკური დიდი ჩავარდნა ექნებათ – ტურისტები და ა.შ. იმედი აქვთ, რომ ამ ფონზე თავისი მომხრეების მობილიზებას შეძლებენ. თუ ოპოზიციას მხოლოდ 15 მაისის იმედი აქვს, ძალიან ცუდია. თუ უნდათ, რომ ხელისუფლება სერიოზულად შეშფოთდეს და შეშინდეს, ასეთი აქციები რეგულარული და შეუქცევადი უნდა იყოს. ასე მოხდა თავის დროზე შევარდნაძის გაშვება, სააკაშვილის მიუღებლობა. “ქართული ოცნება” არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში კრიზისია. ის მშვიდად და ლაღადაა, ოპოზიციასა და ევროპას კატათაგვობანას ეთამაშება და ადგილობრივი არჩევნებისაკენ მშვიდად მიდის. აშენებს გზებს, სკვერებს და ქალაქებში მშენებლობის ტენდენციას გახსნის. “ოცნება” ცდილობს, კრიზისი არ შეიმჩნიოს. ევროპა აშკარად გადააგდეს. ეს საკითხი არც ადარდებთ და, მათი აზრით, დრო კარგად გაწელეს. რაც მთავარია, მათი მოკავშირეა საზოგადოების აპათია, რომ ისინი “ქართულ ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” თუ ოპოზიციას შორის პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავენ”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ოცნების” ამოცანა არაა, რომ ხალხს როგორმე თავი შეაყვაროს, არამედ როგორმე ხალხმა ოპოზიციაში მათი ალტერნატივა არ დაინახოს, რასაც კარგად ახორციელებს. ამ ფონზე იმედი აქვს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ბევრ რამეს აჩვენებს, ფულს დახარჯავს და ამის მერე იტყვის – უკაცრავად, რომელ ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი, ნახეთ, ხმა რამდენმა ადამიანმა მომცაო. აი, აქ აგებს ოპოზიცია, როდესაც არა ადგილობრივ არჩევნებზე, არამედ მიტინგზე მუშაობს. ამ დროს უნდა საუბრობდნენ, რა ხდება მუნიციპალიტეტებში, სადაც უამრავი პრობლემაა. თუ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არ გადაერთვება, ამასაც წააგებს და მერე მსოფლიოში ყველას დაავიწყდება, რომ საქართველოში არჩევნებით სიტუაცია მოაგვარონ და 2024 წლამდე იქნება სრული სიმშვიდე, რადგან ხალხი დაინახავს, რომ ხელისუფლება რაღაცას აკეთებს”, – განაგრძობს ზაქარეიშვილი.

“თუ “ქართულ ოცნებაში” განხეთქილება შიგნით არ მოხდა და არ გასკდა, როგორც გახარიამ შექმნა კრიზისი, მას ოპოზიცია გარედან ვერაფერს უზამს. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება ძლიერია, არა, ძალიან სუსტია, მაგრამ ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტია. 15 მაისს შესაძლოა, ფართომასშტაბიანი აქცია ჩატარდეს. “ნამოხვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მხოლოდ იმერეთი გამოვიდა. ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციამ ამდენი ხალხი გამოიყვანოს, იქ ხალხი ბუნებრივად გამოვიდა. თუ გამოიყვანს – კი, ბატონო, ყოჩაღ! თუმცა ერთდღიანი და ორდღიანი გამოსვლები “ქართულ ოცნებას” ვერ შეაშინებს. ერთადერთი, რისიც ეშინია, თბილისში პერმანენტული მრავალრიცხოვანი აქციებია, როცა რუსთაველზე დღისით 50 ათასი კაცია, ხოლო ღამით – 5 ათასი. თუ ოპოზიციამ ხალხის პროტესტი ამ ტემპერატურაზე არ აიყვანა, ხელისუფლებას არაფრის არ შეეშინდება და არხეინად წავა ადგილობრივი არჩევნებისკენ”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“დასავლეთს გული აქვს აყრილი და შეშფოთებულია როგორც “ქართული ოცნებით”, ისე – ოპოზიციით. ის გამოსავალს ვერ ხედავს და ისევ ურჩევნია არა დემოკრატია, რომლის ნასახსაც ასევე ვერ ხედავს, არამედ – სტაბილურობა. სტაბილურობის გარანტია მაინც ყოველთვის ხელისუფლებაა – სისხლი არ იღვრება, არ აპატიმრებენ, იმ შეცდომებს არ უშვებენ, რომლებიც თავის დროზე “ნაცმოძრაობამ” დაუშვა. ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციამ ევროპას თავი მოაწონოს, “ქართულ ოცნებაზე” უკეთესი ვარო. მოლაპარაკებამ აჩვენა, რომ ორივე რეგვენია, არც ერთი დათმობაზე არ წავიდა. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ სისხლის ღვრა თავიდან აიცილოს, გავრილოვის ღამის ვარიანტიც კი. თუ შეეცდებიან, რომ ოპოზიციის პროტესტი უმტკივნეულოდ აიტანონ, სადაც არავინ არ დაზარალდება, მაშინ ეს მიტინგები მშვიდად ჩაივლის, დასავლეთი ყურადღებას არ მიაქცევს და ყველა იტყვის, ველოდებით ადგილობრივ არჩევნებსო”, – დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.