ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადადგომას უკვე მოჰყვა შეფასებები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება გუნდში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” მერის გადაყენებას ადრევე გეგმავდა, თუმცა, ისეთი დრო შეარჩია, როდესაც ამ ფაქტს ნაკლები გამოხმაურება მოჰყვებოდა.

“ჩავარდნილი პროექტების ცნობილი სკანდალების გამო “ქართული ოცნება” დიდი ხანია გეგმავდა გიორგი ჭიღვარიას გაშვებას ამ თანამდებობიდან, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის აქტიურობას არ დაბრალდებოდა, რატომღაც, გადაწყვიტეს, რომ როდესაც მთელი საქართველოს და ქუთაისის ყურადღება კორონავირუსზეა გადატანილი, სათანადო დროა მისი გაშვების. ეს არის, რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებაში” არსებული შიდა დაპირისპირების შედეგი,”- განაცხადა გიგა შუშანიამ.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაიას სჯერა, რომ გიორგი ჭიღვარიას თანამდებობის დატოვება აიძულეს.

“ამ რთულ პერიოდში რა გააფუჭა ასეთი არ ვიცი, მაგრამ ეს არის უკვე მზადება არჩევნებისთვის და ამ სიტუაციას იყენებს პოლიტიკისთვის. თავისით, რა თქმა უნდა, არ წავა, ეს არის შიდა დაპირისპირება. მე არ ვიცი, ახლა რომელმა ძალებმა გადაქაჩა, და რომელმა აიძულა, მაგრამ თავისით არ წავა, ესაა წამოსული ცენტრიდან და აიძულებენ წასვლას,”- განაცხადა გოგი წულაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.