ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი 10 მაისიდან რუსეთთან საზღვარს სრულად კეტავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საზღვარი 17 მაისს გაიხსნება. რაც შეეხება მისი ჩაკეტვის გადაწყვეტილებას, ის კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს.

ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკას“ ესაჭიროება დრო, რათა კარანტინში მოათავსოს, გამოიკვლიოს და აღმოუჩინოს სათანადო დახმარება „მოქალაქეებს“, მათ შორის სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსანტების დიდ ჯგუფს, რომლებიც რუსეთში სწავლობენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი 14 წლის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, ასევე არიან დედა და 6 წლის შვილი ახალგორიდან.

 

წყარო: პრაიმთაიმი