ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ პირველ რიგში სწორედ პროპორციული არჩევნების გზით, არა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ”, არამედ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად უნდა ავიღოთ მეტი ხმები პროპორციულ არჩევნებში, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ”. ამიტომ, ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ევროპულ საქართველოში” გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მაჟორიტარებს გადამწყვეტი როლი არც ამ არჩევნებზე აქვთ და არც წინა არჩევნებზე ჰქონიათ.

„გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად არის ის შედეგები, რომელსაც პროპორციული არჩევნების გზით აჩვენებენ პოლიტიკური პარტიები, ამიტომ, ნუ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ მაჟორიტარებს აქვთ გადამწყვეტი როლი: არც ამ არჩევნებში აქვთ, არც წინა არჩევნებში და არ იმის წინა არჩევნებში. ამიტომ ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რაც დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რაც შეეხება პარტიული პროპორციული სიით რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის მოპოვებას,”- განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელი პირობაა. როგორც მან განაცხადა, მათ კონსულტაციები ჰქონდათ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომ რეგიონებში საერთო კანდიდატი ჰყოლოდათ, თუმცა მათი პოზიციაა, რომ თბილისს გარეთ, 22 ოლქში საკუთარი კანდიდატი ჰყავდეთ. უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, თუ ისინი პოზიციას შეიცვლიან, რეგიონებში მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატებზე შეჯერდნენ.