სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ აჰყვნენ ცრუ ინფორმაციის კამპანიას, რომელიც საქართველოსა და ქართველ ხალხს ომში აზერბაიჯანის მხარდამჭერად წარმოაჩენს.

“არ აჰყვეთ პროვოკაციას, არ მიიღოთ მონაწილეობა ასეთი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში. ქართული და სომხური სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ გამოავლინონ და აღმოფხვრან ასეთი ყალბი ცნობები”, – ნათქვამია პოლიტიკოსის Facebook-ის გვერდით გავრცელებულ განცხადებაში.

“ათასწლეულების მეგობრობა ჩვენს მოძმე ერებს შორის არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან ის არის დამყარებული საერთო ღირებულებებზე”, – აცხადებს აღაჯანიანი.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლების შემდეგ, არაერთხელ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია საქართველოს მხრიდან კონფლიქტში ჩართული რომელიმე ძალის სასარგებლოდ, განსაკუთრებით კი, აზერბაიჯანისადმი, სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერის შესახებ, რასაც მოჰყვა როგორც ქართული, ისე სომხური მხარეების რეაქციები.