კრეგ სპენსერი, ნიუ იორკის პრესბიტერიანის/კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი მედიცინის გლობალური ჯანდაცვის დირექტორია. 24 მარტს ტვიტერზე დატვიტა, თუ რა შრომის გაწევა უწევთ ყოველდღიურად ნიუ იორკში მომუშავე ექიმებს. ერთ დღეში ექიმის ტვიტს 65 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. მოგვიანებით ექიმის წერილი გამოქვეყნდა “ვოშინგტონ პოსტზე” და სიენენზე.

„იღვიძებ 6:30-ზე. პრიორიტეტულია დიდი ჩაიდნით ყავის გაკეთება მთელი დღე რომ გეყოს, რადგან კაფე საავადმყოფოს გვერდით დაკეტილია. სტარბაქსიც დაკეტილია. ყველაფერი დაკეტილია. ფეხით მიდიხარ, გზად კი კვირა დღე გგონია. გარეთ არავინაა. შესაძლოა გამყინავი წვიმის ბრალია. ან ძალიან ადრეა. რაც უნდა იყოს, კარგია ასე რომაა.

მიხვედი დილის 8 საათის ცვლაში: შემაცბუნებელია ადრიანი დილის ქუჩის სიმშვიდე რამდენად უეცრად შეიცვალა. ემერჯენსის განყოფილების განათება თვალების დამცავებზე ირეკლება. ხველის კაკაფონია ისმის. შენ ჩერდები. ნიღაბს და დამცავს იკეთებ. შედიხარ.

წინა ჯგუფისგან ცვლას გადაიბარებ, თუმცა თითქმის ყველა პაციენტი ერთი და იმავე მდგომარეობაშია, ახალგაზრდაც და მოხუციც: ხველა, სუნთქვის გაძნელება, ცხელება. პერსონალი ერთ პაციენტზე განსაკუთრებით ღელავს. ძალიან უჭრის სუნთქვა, ჟანგბადის მაქსიმალურ მოცულობას ვაძლევთ, თუმცა მისი სუნთქვა მაინც აჩქარებულია.

სასწრაფოდ ამოწმებ პაციენტს. ცხადია ეს რაცაა და რაც უნდა გაკეთდეს. პაციენტთან და მის ოჯახთან ტელეფონით ხანგრძლივი და გულწრფელი განხილვა გაქვს. ჯობია ახლავე მართვით სუნთქვაზე, სანამ სიტუაცია ბევრად უარესი გახდება. ემზადები ამისთვის და ამ დროს გატყობინებენ, რომ ძალიან ცუდად მყოფი პაციენტი შემოჰყავთ.

იქით მირბიხარ. ეს პაციენტიც ძალიან მძიმედაა, ღებინებით. მასაც დაუყოვნებლივ სჭირდება მართვითი სუნთქვის აპარატი. გადაგყავს ეს პაციენტები. ორი პაციენტი, გვერდიგვერდ ოთახში, ორივეს სასუნთქი მილი უკეთდება. ჯერ დილის 10 საათიც არაა.

12-საათიანი ცვლის განმავლობაში, თითქმის ყოველ საათში იღებ შეტყობინებას: მდგომარეობა: ძალიან მძიმე პაციენტი, სუნთქვის უკმარისობა, ცხელება. ჟანგბადი 88 პროცენტზე. მდგომარეობა: სისხლის დაბალი წნევა, სუნთქვის გაძნელება, დაბალი ჟანგბადის შემცველობა. მდგომარეობა: დაბალი ჟანგბადის შემცველობა, ვერ სუნთქავს, ცხელება. მთელი დღე…

შუადღისას აცნობიერებ, რომ წყალი საერთოდ არ დაგილევია. ნიღბის მოხსნის გეშინია. ეს ერთადერთია, რაც გიცავს. ცოტას კიდევ გაძლებ – ებოლას დროს დასავლეთ აფრიკაში, საათობით იყავი ცხელ აღჭურვილობაში წყლის გარეშე. კიდევ ერთი პაციენტი…

გვიანი შუადღისას საჭმელი უნდა ჭამო. ქუჩის გადაღმა რესტორანი დაკეტილია. ჰო, ყველაფერი დაკეტილია. საბედნიეროდ საავადმყოფოს სასადილო ღიაა. რაღაცას იღებ, ხელს იბან (ორჯერ), ფრთხილად იხსნი ნიღაბს და შეძლებისდაგვარად სწრაფად ჭამ. ისევ ბრუნდები. იკეთებ ნიღაბს. შედიხარ.

თითქმის ყველა, ვინც დღეს შემოიყვანეს ერთნაირ მდგომარეობაშია. ყველას ინფიცირებულად ვთვლით. გვაცვია ხალათები, სათვალეები და ნიღბები ყველა შემთხვევაში. მთელი დღე. ეს ერთადერთი საშუალებაა თავის დასაცავად. სად წავიდა ყველა გულის შეტევა და ბრმა ნაწლავის შემთხვევები? ყველა COVID-19-ია.

როდესაც შენი ცვლა სრულდება, შემდეგ ჯგუფს აბარებ. ყველა COVID-19-ია. ბოლო კვირის მანძილზე ყველამ ვისწავლეთ ნიშნები – დაბალი ჟანგბადის შემცველობა, უჩვეულოდ დაბალი ლიმფოციტები, მომატებული ცილის ფრაგმენტები. ინფორმაციას ცვლი ქალაქის ექიმ მეგობრებთან, რომელთაც არ აქვთ პირადი დამცავი აღჭურვილობა. საავადმყოფოებს სუნთქვის აპარატები არ ყოფნით.

სანამ გახვალ, ყველაფერს წმენდ. შენს ტელეფონს, შენს ბეიჯს, შენს საფულეს, შენს ყავის ჭიქას. ყველაფერს. ყველაფერს ქლორში ახრჩობ. ყველაფერს ცელოფანში კრავ. არანაირი რისკი არ უნდა გაწიო. თუმცა, მაინც არ ხარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გაწმინდე. კიდევ ერთხელ წმენდ. ზედმეტი სიფრთხილე აქ არ არსებობს.

გამოდიხარ და იხსნი ნიღაბს. თავი შიშველი და დაუცველი გგონია. ჯერ ისევ წვიმს, მაგრამ სახლში ფეხით უნდა მიხვიდე. ასე მეტროსა და ავტობუსზე უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თავს, თან ცოტა განიტვირთები. ქუჩები ცარიელია. შიგნით რაც ხდება იმისგან სრულად განსხვავებულია. იქნებ ხალხმა არც იცის?

სახლში მიხვედი. დერეფანში იხდი (არა უშავს, მეზობლებმა იციან, რასაც აკეთებ). ყველაფერს ცელოფანში ათავსებ. მეუღლე ცდილობს, ბავშვი დაიკავოს, მას დღეებია, არ უნახიხარ და ძალიან რთულია. შხაპისკენ მირბიხარ. ყველაფერი უნდა ჩამოიბანო. ასე ბედნიერი არასოდეს ყოფილხარ.

საავადმყოფოები ზღვარს უახლოვდებიან. სასუნთქი აპარატები გვითავდება. სასწრაფო დახმარების მანქანები არ ჩერდება. ყველა, ვინც დღეს ვნახეთ ერთი კვირის წინ ან უფრო დაინფიცირდა. რიცხვები უდავოდ ძალიან გაიზრდება ერთ ღამეში, როგორც ხდებოდა ბოლო რამდენიმე დღეა. უფრო მეტი მოვა ემერჯენსიში. მეტი შეტყობინება იქნება მათ მდგომარეობაზე. კიდევ უფრო მეტს დასჭირდება სუნთქვის აპარატი.

ძალიან დავაგვიანეთ ვირუსის შეჩერება. წერტილი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი გავრცელების შენელება. ვირუსი ვერ მისწვდება იმ ადამიანებს, ვისაც არ შეხვდება. დარჩით სახლში. სოციალური დისტანცირება ერთადერთია, რასაც ჩვენი გადარჩენა შეუძლია. ჩემთვის სულ ერთია რამხელა ეკონომიკური გავლენა ექნება ამას, რადგან ამდენი სიცოცხლის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია.

შეიძლება გაიგოთ ადამიანების ნათქვამი, რომ ეს რეალობა არაა. რეალობაა. შეიძლება გაიგოთ ადამიანების ნათქვამი, რომ ეს არც ისე ცუდია. ცუდია. შენი წილი შეასრულე. დარჩი სახლში. იყავი უსაფრთხოდ. და ყოველ დღე, მე ვიმუშავებ შენთვის”.