ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამავე არხის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია 19 ივნისს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში დაიკითხებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, 11:00 საათზე დაიკითხება ნიკა გვარამია, ხოლო 13:00 საათზე დაიკითხება გიორგი გაბუნია. მათი დაკითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია სუს-ში დაკითხვაზე არ გამოცხადნენ და აღნიშნეს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში უპასუხებდნენ. ამის შემდეგ სუს-მა ორივე მათგანის დაკითხვის თაობაზე სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.