ძალიან მაგარი გუნდი წარვადგინეთ , – ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი სიის პირველი ოცეული.

ნათია თურნავას თქმით, “ეს მართლაც საოცნებო გუნდია”.

“აქ, ერთმანეთთან ძალიან კარგად არის შეზავებული გამოცდილება, ეფექტურობა, წარსული, წარმატება და მოსახლეობაზე ზრუნვით უკვე გაკეთებული საქმეები, მოსახლეობაზე ეფექტური გადაწყვეტილებებით, ასევე, ახალგაზრდა სახეები, ახალგაზრდა ენთუზიაზმი და ენერგია. ეს მართლაც არის წარმატების ფორმულა, გამარჯვების გარანტი. ეს არის მართლაც საოცნებო გუნდი, Dream team – შეიძლება ითქვას”, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ გუნდში ძლიერი ეკონომისტებიც არიან.

“მაგალითად, ჩვენი სამინისტროს სისტემიდან წარდგენილია ორი შესანიშნავი ახალგაზრდა ქალბატონი, ორი მარიამი: მარიამ ქვრივიშვილი და მარიამ ლაშხი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ორივე ძლიერი მენეჯერი და კარგი ეკონომისტია. ერთი დღემდე ხელმძღვანელობდა ტურიზმის ადმინისტრაციას და მეორე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.