საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მაჩვენებელი წარუდგინა. საქართველოს მთავრობა 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან შემცირებას ელის. შედეგად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 2019 მაჩვენებელს გაუტოლდება და 50 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მთავრობისვე მოლოდინით ეკონომიკა ზრდას უკვე 2021 წლიდან დაიწყებს. 2020 წელსვე წლიური ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი – 4.7% იქნება.

“მოსალოდნელია, რომ  საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელება გავლენას მოახდენს ქვეყნის ექსპორტსა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებზე, ხოლო პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური გაურკვევლობის გაგრძელებასთან ერთად შეამცირებს კაპიტალის შემოდინებას ან/და ეკონომიკაში დაგეგმილი ინვესტიციების გადავადებას.

ეკონომიკური აქტივობის მსგავსი შემცირების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეჯერებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის განმავლობაში 4%-ით შემცირდება, თუმცა მე-4 კვარტლიდან მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად 2021 წლის განმავლობაში დაფიქსირდება ეკონომიკის 4%-იანი ზრდა”,- წერია დოკუმენტში.

საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2020 წლისთვის მშპ-თან 58%-ს მიაღწევს, აქედან საგარეო ვალი 46.2%, ხოლო საშინაო ვალი 11.8% იქნება.

“ეს მაჩვენებელი დაბალია ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ მთავრობის ვალის დონესთან შედარებით (მშპ-ს 60%), თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნება მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული, და აუცილებელია შემდგომ წლებში კონსოლიდაციის პოლიტიკის გატარება. 2021-2024 წლებში დაგეგმილია მთავრობის ვალის თანმიმდევრული კლება და 2024 წლისთვის 54.5 პროცენტამდე შემცირება.”

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის ბიუჯეტში შემოსავლები, ჯამში, 1.8 მილიარდ ლარამდე მცირდება, ეს მოიცავს როგორც საგადასახადო, ასევე, სხვა შემოსავლებსაც. აქედან გამომდინარე, მთავრობა ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს 600 მლნ ლარამდე ამცირებს. ამასთან, ამტკიცებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში პრემიები საერთოდ არ იქნება გათვალისწინებული.

“მაქსიმალურად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, წარმომადგენლობითი და მივლინების ხარჯები, სპეციალიზებული დაწესებულებების გარდა მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ვაკანსიების შევსება და სრულად იქნება ამოღებული საპრემიო რესურსი.

მიმდინარე ხარჯების ნაწილში ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად შემცირდება ყველა ის პროგრამა, რომელთა არგანხორციელება ან/და დროში გადაწევა მნიშვნელოვნად არ დააზიანებს შესაბამის სექტორს, მათ შორის ბუნებრივი ფაქტორების (პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები) გათვალისწინებით შეიზღუდება კულტურული, სპორტული და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. კაპიტალური პროექტების ნაწილში შემცირება ძირითადად შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ასევე, იმ პროექტებს, სადაც იმპორტის წილი განსაკუთრებით მაღალია. შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად მცირდება დაახლოებით 600 მლნ. ლარის ოდენობით”, – წერია ანგარიშში.

 

წყარო