ვაპირებ, რომ გავხდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

“ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც „ევროპული საქართველოს“ გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ.

როგორც ვაშაძე ამბობს, მთავრობაში ვინ უნდა იყოს და ვინ არა, ამას ხალხი წყვეტს. მისივე თქმით, თავად კოალიციურ მთავრობას ყველა კოალიციურ ძალასთან ხედავს.

“ვინ უნდა იყოს და არ უნდა იყოს მთავრობაში, ამას წყვეტს ხალხი მთავრობაში. შესაბამისად, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი აღმაშენებლის გუნდი, სრულად ახალ გუნდს სთავაზობს ქართველ ამომრჩეველს. რაც მთავარია, მე პირადად, ვაპირებ, რომ გავხდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი”, — განაცხადა ვაშაძემ.

14 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ღამის კურიერის“ წამყვანმა დავით ბაქრაძეს ჰკითხა: „იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სიებში ჩაწერს სააკაშვილის, მერაბიშვილის ან ადეიშვილის გვარებს, თქვენთვის მისაღები იქნება ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება“?

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებებს და შეთანხმებებს პარტიებს შორის და როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე, „ევროპულ საქართველოს“ ექნება გარკვეული პირობები მომავალ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე მან განაცხადა:

„იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად, არ უნდა იყვნენ… მაგალითად, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი“. ჟურნალისტის კითხვას, „რატომ“, ბაქრაძემ ასე უპასუხა:

„იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე; იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ — სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, – საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ; და იმიტომ, რომ მიგვაჩნია, კოალიციურო ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და, შესაბამისად, მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები“

 

წყარო

2020-08-16T00:17:23+04:00აგვისტო 15th, 2020|