ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, Lufthansa-ს შემდეგ საქართველოს მთავრობამ Air France-ს აგვისტოდან თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლის უფლება მისცა.

როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ავიაკომპანია რეისს კვირაში ორჯერ შეასრულებს.

“დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და დავუდასტურებთ Air France-ს, რომ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს, მათ შეეძლებათ კვირაში ორი სიხშირით დაიწყონ შარლ დე გოლის პარიზის აეროპორტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა”, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია Air Baltic-თანაც თბილისსა და რიგას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

საქართველოს საზღვარი უპირობოდ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან აქვს გახსნილი. სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს, არამოქალაქეებისგან განსხვავებით, 2 კვირიანი კარანტინის გავლა უწევთ.