მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი უგულავასავით

“თან რა მაგარი რაღაც თქვა, იმხელა ცხვირი აქვს, იმის იქით ვერაფერს ხედავსო. დიდი ცხვირი კი არაა პრობლემა, მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი გიგი უგულავასავით. ეს არის მთავარი. ჯერ ერთი მდაბიოობაა ადამიანის ფიზიკურობაზე მინიშნება… მექრთამე უგულავასგან ასეთი საქციელი არ მიკვირს”, – ასე უპასუხა ალეკო ელისაშვილმა ევროპული საქართველოს ლიდერ გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას რ2-ის ეთერში.

უგულავას ინფორმაციით, ელისაშვილმა, რომელმაც ლეიბორისტების ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატს გამოეთიშა და საბოლოოდ არც მაჟორიტარებზე შეთანხმებაში ჩაერთო, შეთანხმების წინაპირობად ორი ადგილი მოითხოვა თბილისში.

ელისაშვილი ადასტურებს, რომ მან ორი ოლქი ნამდვილად ახსენა, თუმცა ეს ვაჭრობა არ ყოფილა.

“მე ვთქვი: ჩვენი რესურსიდან გამომდინარე, ჩვენ სულ მცირე, ორ ოლქს მაინც მოვიგებთ-მეთქი”, – ამბობს ელისაშვილი და დასძენს, რომ საუბარი, სადაც მან ეს განცხადება გააკეთა, ევროპული საქართველოს წარმომადგენლების ინიციატივით შედგა და მისი თქმით, სირცხვილია ასეთი საუბრების გარეთ გამოტანა.

“როცა შენი ინიციატივითაა შეხვედრა, ამაზე შემდეგ ჭორაობა პოლიტიკოსოობაა, კაცობაა, მოქალაქეობაა… ეს  გულისამრევია”, – განაცხადა მან.

2020-06-24T00:35:07+04:00ივნისი 24th, 2020|