მოხუცებისთვის ერთ დღეში შეგროვებული 55 ათასი ლარი

13 მარტს, დაახლოებით 4 საათზე მარიამ თითბერიძემ მარიამ ჯორბენაძესთან და მარიამ ცერცვაძესთან ერთად ფეისბუკზე შექმნა ჯგუფი “დავეხმაროთ მოხუცებს”. იდეა სპონტანურად გაუჩნდათ, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით, სოციალური დახმარების ცენტრმა “კათარზისმა” მომსახურების წესი შეცვალა და საკვებს შენობის ნაცვლად ეზოდან გასცემს.

“ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ასე აიტაცებდა ხალხი ამ ინიციატივას”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ თითბერიძე და განაგრძობს: “ვფიქრობდით, 5-მაქსიმუმ 10 ათასი ლარის აკუმულირებას შევძლებდით.”

14 000 წევრისგან შემდგარი ჯგუფის აღწერაში ორგანიზატორები წერენ:

“მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ყველა არსებული რეკომენდაციით ეს საყვარელი ადამიანები ვირუსისგან თავის არიდების მიზნით უნდა ერიდებოდნენ საჯარო თავშეყრის ადგილებს, სამწუხაროდ, უფასო სასადილოებში ვიზიტი მათი გადარჩენის (გამოკვების) ერთადერთი შანსია, რისი საშუალებაც ვეღარ ეძლევათ ვირუსის გამო დაკეტილი კათარზისის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ხალხის სახლში დარჩენა, შევქმენით ეს ჯგუფი, რათა მაქსიმალურად სწრაფად ავაგროვოთ თანხა, რომ თითოეულ მოხუცს ქონდეს მინიმუმ რამდენიმე დღის საკვები და არ დადგეს ვირუსის და/ან შიმშილის რისკის ქვეშ.”

ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში არ გაჩერებულა. ზოგი 1 ლარს რიცხავდა, ზოგი 50-ს, იყო 500-ლარიანი ტრანზაქციაც. ჯგუფის შექმნიდან ერთ საათში ანგარიშზე 8 000 ლარამდე ჩაირიცხა. საერთო ჯამში, ერთ დღეში მოხუცებისთვის შეგროვდა 55 ათას ლარზე მეტი, კიდევ ვაუჩერები სხვადასხვა კომპანიისგან, უფასო პროდუქტი…

მარიამები დაუკავშირდნენ კათარზისს, თბილისის მერიის უფასო სასადილოებს, ასევე, ეკლესიებს, მოხუცებულთა თავშესაფრებს, პანსიონატებს. ახლა ბაზას ადგენენ, სურთ, რამდენიმე ასეულ მოხუცს დაეხმარონ.

“არ გვინდა, რომ მხოლოდ საკვებით შემოვიფარგლოთ. ამ ადამიანებს სჭირდებათ ჰიგიენის ნივთებიც და მედიკამენტებიც”.

თანხის შეგროვება უკვე შეწყდა. სამ ადამიანს არ მეტი ფიზიკური რესურსი არ გვაქვსო, ამბობენ ორგანიზატორები.

“სიკეთეს გავავრცელებთ და სხვას მივცემთ მუხტს, მათაც გააკეთონ სიკეთე”, – ამბობს მარიამ თითბერიძე.

2020-03-15T10:46:04+04:00მარტი 15th, 2020|