მიღწეული შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს – ნაწილობრივ შეთანხმებული შესრულება არ არსებობს – გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლების ბედი მშვიდობიანი არჩევნების შედეგად გადაწყდება, როდესაც ისინი არჩევნებში დამარცხდებიან. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულება აუცილებელია.

„მიღწეული შეთანხმება, რომელიც კარგია მთელი ქვეყნისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, მთლიანად უნდა შესრულდეს. ორი დოკუმენტი ამიტომ შეიქმნა და ამიტომ არის ორი მიმართულება. ნაწილობრივ შეთანხმებული შესრულება არ არსებობს, არის ან მთლიანად შესრულებული, ან არშესრულებული. ჩვენი და ჩემი პოლიტიკური გუნდის ინტერესი არ არის ამ პინგ-პონგის გაგრძელება ხელისუფლებასთან. გვინდა, რომ ნორმალურობისკენ წავიდეთ, იყოს კონკურენცია, მწვავე საარჩევნო შეფასებები, ცივილიზებული, რომ ამომრჩეველმა არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. დარწმუნებული ვარ, ეს ბედი ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოცილებით, მშვიდობიანი არჩევნების შედეგად გადაწყდება“,-აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არჩევნებზე ერთიანი სიით მონაწილეობის საკითხი არ განიხილება, რადგან „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილ პოლიტიკურ ძალებს შორის ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.

„ამიტომ პარტიულად, ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას. კოორდინირება იქნება მაჟორიტარებზე, სადაც ერთმანეთს არ დაუყენებენ კანდიდატებს, რომ ეროვნული ამოცანის ერთი ნაწილი გადავჭრათ – მშვიდად დავამარცხოთ ივანიშვილის ხელისუფლება პირველივე ტურში. ამის მერე იქნება კოალიცია, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებულ ხალხს მოუწევს კომპრომისი ერთმანეთთან და სწორედ იმისთვის, რომ მერე არ იყოს დებატები იმაზე, რას ვიზამთ, იქამდე ამომრჩეველმა იცოდეს, რაზე ვთანხმდებით. ამიტომ მიმდინარეობს დისკუსია სასამართლო სისტემის ცვლილებებზე, რომ როგორი განსხვავებული არ უნდა ვიყოთ, ვიცოდეთ ის ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც გასატარებელია, რა საფუძვლით გატარდება, ეს არის ჩვენი სტრატეგია“, – აცხადებს ბოკერია.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, საზოგადოების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.

„საზოგადოების დაკვეთა ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებისგან ჩამოშორება რომ არის, ეს უდავოა. ხალხის 2/3-ზე მეტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. ეს უტყუარი პოლიტიკური განაჩენია, რომელიც არჩევნებზე მშვიდობიანად აღსრულდება“,-აცხადებს ბოკერია.

მისი განცხადებით, „ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება აუცილებელი პირობაა, მაგრამ ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად ეს არასაკმარისია“.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

2020-03-10T14:57:51+04:00მარტი 10th, 2020|