“ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს შექმნილი და დაგროვილი შეგროვილი ჩემს წინა ცხოვრებაში”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს მის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით.

პირველი კითხვა, რაც ჟურნალისტმა გახარიას დაუსვა იყო, თუ როგორ მოხდა, რომ კონკრეტულ პიროვნებას ბინა ჯერ მიყიდა, ხოლო შემდეგ მისგან იქირავა.

„ჩემს დეკლარაციაში ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი. თქვენ შეგიძლიათ ბევრი სპეკულაცია მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არსად არაფერი არ არის. ვინმეს რაიმე კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ მოიტანეთ, თუ არადა სხვა დანარჩენი არის ჭორაობა“, – აცხადებს გახარია.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წავკისში, ასევე სოლოლაკში მდებარე სახლი დეკლარაციაში არ არის მითითებული, ხოლო დამთხვევაა თუ არა, რომ მისი მეგობრის სიძე, გიორგი ციცქიშვილი, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში ჩანს, გიორგი გახარია ასე პასუხობს:

„რა თქმა უნდა დამთხვევაა და ამის უკან არაფერია. თუ სადმე კანონის დარღვევაა, მოიტანეთ ფაქტები. ოპოზიცია ახლა ბევრ რაღაცას ამბობს, შევედით საარჩევნო ციკლში და არაფერი სხვა პოლიტიკური რომ არ არის, ამაზე მოსდევენ ყველაფერს. მე საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავი და მოძრავი ქონება არ შემიძენია, ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც ჩემს მეუღლეს ვუყიდე.

ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს შექმნილი და დაგროვილი შეგროვილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასოდეს ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში რაღაც შევიძინე. ჩემმა მშობლებმა მაგალითად რაღაც გაასხვისეს კახეთში, იქ სხვა ადამიანი იყო შემძენი, აქ ეს ადამიანი(გიორგი ციცქიშვილი) იყო შემძენი, უბრალოდ უხერხულია ამაზე საუბარი. როცა იყიდი ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი ახლა ესეც პრობლემაა – ცოტა დაფიქრდით“, – მიმართა ჟურნალისტს გახარიამ.

გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობაში საქმიანობა 2013 წელს დაიწყო, ის თავდაპირველად “საგადასახადო ომბუდსმენის” (შემდგომში ბიზნესომბუდსმენის) პოსტს იკავებდა. საჯარო სამსახურში გადასვლამდე გახარია Lufthansa-ში მუშაობდა. მისი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ავიაკომპანიის მოსკოვის ოფისში ბიზნესის განვითარებისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის დირექტორის პოსტს იკავებდა, მისი წლიური ხელფასი კი 88000 ევრო იყო.