მაკრონი ნავალნის საქმეზე რუსეთს – ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ განმარტებას რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ.

მან რუსეთი გააფრთხილა, რომ პარიზი არ დაუშვებს წითელი ხაზების გადაკვეთას ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე.

”ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას ევროპაში, რუსეთში ან სირიაში,” – განაცხადა ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას და დასძინა, ”ეს განმარტება უნდა იყოს სწრაფი და უზადო, რადგან ჩვენ დავიცავთ ჩვენს წითელ ხაზებს“.

​მაკრონს არ დაუკონკრეტებია შემდგომი მოქმედებები, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დამაკმაყოფილებელ განმარტებებს არ გააკეთებს.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

2020-09-23T01:13:06+04:00სექტემბერი 23rd, 2020|