ლუსტრაციის კანონი არის დაუყოვნებლივ მისაღები – ლელო

ლელოს განცხადებით, პარლამენტში შესვლისთანავე ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას მოახდენენ. ფიქრია ჩიხრაძემ და ლევან კობერიძემ ბრიფინგზე თქვეს, რომ ლუსტრაციის კანონის მიღება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია.

“ლუსტრაციის კანონი იქნება პირველი, რომელსაც ლელო პარლამენტში შესვლისთანავე გაუკეთებს ინიცირებას. თუ გვინდა, რომ დავემშვიდობოთ საბჭოურ წარსულს და აზროვნებას და ქვეყანა წავიდეს პროგრესისკენ, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი; იმისათვის, რომ მომავალ თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება; იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, ლუსტრაციის კანონი არის დაუყოვნებლივ მისაღები,“- აცხადებს ლევან კობერიძე. მისი თქმით, პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში უნდა შეიზღუდონ ის პირები, რომლებიც თანამშრომლობდნენ და ახლაც თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და პირველ რიგში რუსეთთან.

“მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა მათ მიერ ოკუპირებულია, ვალდებულები ვართ, ეს კანონპროექტი წინა ხაზზე წამოვწიოთ და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პარლამენტში გვექნება მხარდაჭერა. ამ პირების არ დაშვება საჯარო სამსახურში და პოლიტიკურ თანამდებობებზე შეიძლება გავრცელდეს სასამართლო სისტემაზე და იმ მოსამართლეებზე, რომელსაც შეიძლება გარკვეული კავშირი ჰქონდეს დანაშაულებრივ ხელისუფლებებთან ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან” – ამბობს კობერიძე.

საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს დაამტკიცა თავისუფლების ქარტია, რომელიც ებრძვის კომუნისტურ-ტოტალიტარულ სიმბოლოებს ასევე ითვალისწინებს თანამდებობრივ შეზღუდვებს სსრკ-ს სპეციალური სამსახურების თანამშრომლებისათვის, თუმცა, მათი სიები საჯარო არ არის.

2020-08-26T14:38:52+04:00აგვისტო 26th, 2020|