ლავასოღლის სამმა მხარდამჭერმა პირი ამოიკერა

მინდია ლავასოღლის ოთხმა მხარდამჭერმა აჭარის პროკურატურასთან ახლახან პირი ამოიკერა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თამაზ ბაკურიძემ უთხრა, რომელიც ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია და ორგანიზებას უწევს მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს, 3 ივნისს, სარფის საბაჟოს ჩაკეტვას აპირებდნენ, თუმცა წვიმის გამო პროტესტის ეს ფორმა ერთი დღით გადადეს.

„პირი ამოიკერეს და პროკურატურას დამატებით ერთდღიანი ვადა მისცეს, რომ გავიგოთ პასუხი… 15-მდე ადამიანი ისევ შიმშილობს,“ – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ.

მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა გასამართლებული, თუმცა 2018 წელს, როცა მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. მეორე წელია მინდია ლავასოღლი თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაშია. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა.

პროკურატურაში არ განმარტავენ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია. პროკურატურაში განაცხადეს: საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.“

მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით მისმა მხარდამჭერებმა პირველ ივნისს საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან დაიწყეს, რომელიც პროკურატურასთან გააგრძელეს. უკვე ორი დღეა 15 ადამიანი პროკურატურასთან გაშლილ კარვებში შიმშილობს.

2020-06-03T16:35:46+04:00ივნისი 3rd, 2020|