კორონავირუსის ტესტირებაზე პასუხები 3 დღემდე დაყოვნდება 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსზე ჩატარებული დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო, პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ტესტის გადამოწმება ხდება, რისთვისაც დამატებითი დროა საჭირო.

„ტესტის პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა. იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუ ჩვენ წარსულში 24 საათში გვქონდა ხოლმე პასუხები, დიდი რაოდენობით ტესტების გამო დაყოვნების დრო გაიზარდა დაახლოებით 3 დღემდე. ხშირად საჭირო ხდება პასუხის გადამოწმება და ამას შესაძლოა დამატებითი დრო დასჭირდეს. საველე ტესტირებების პასუხები ამ ეტაპისთვის სრულიად ამოწურულია და ხვალ-ზეგ დავბრუნდებით ისევ 24-საათიან ტესტირებებს. მთავარი არის ის, რომ როდესაც ადამიანი არის მომლოდინე რეჟიმში, დაიცვას თვითიზოლაცია“, – განაცხადა გაბუნია.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა. ასევე დღეს 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

2020-09-22T16:30:41+04:00სექტემბერი 22nd, 2020|