კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 კი შემოტანილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემთხვევა შემოტანილია.

ეზუგბაიას თქმით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 198 პაციენტი მკურნალობს საიდანაც 7 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 17 პაციენტი კი მძიმეთა კატეგორიაში გადის.

„დღევანდელი მონაცემებით 5 ახალი შემთხვევა დაგვემატა და სულ გვაქვს 1283 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლენჯერი, 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 2 გახლავთ შემოტანილი, აქედან ერთ-ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 10-ით გაიზარდა და გახდა 1068. ამ მონაცემებით დღეს, კოვიდცენტრებში მკურნალობს 198 პაციენტი. ამ 198 პაციენტიდან 7 კვლავ კრიტიკულია, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, 17 პაციენტი არის მძიმეთა კატეგორიაში და მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. საბოლოოდ, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით 83% გახლავთ, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 1, 93%-ია.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენ გუშინ 32 პაციენტი გვყავდა, არავინ შემოსულა და არც არავინ გაწერილა, ამიტომ კვლავ რჩება 32 პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

2020-08-13T11:54:29+04:00აგვისტო 13th, 2020|