ახალი კორონავირუსული ინფექცია — Covid-19, რომელიც უკვე გლობალურ პანდემიად გამოცხადდა, სიცოცხლისუნარიანი და გადამდები ჰაერში საათობით, ზედაპირებზე კი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება.

ეს არის სამეცნიერო კვლევის შედეგი, რომლის მიზანიცაა, ადამიანებს დაავადებისგან თავის აცილებაში დაეხმაროს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ნაწილის — ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა ვირუსი ინფიცირებული პაციენტიდან სხვადასხვა ზედაპირზე „გადაიტანეს“ — ამ ობიექტებზე დახველებით ან მათი შეხებით.

როგორც კვლევამ აჩვენა, [დაავადებულის] დახველების ან დამთქნარების შემდეგ, ვირუსი ჰაერში აქტიური მინიმუმ სამი საათის განმავლობაში რჩება.

პლასტმასის და უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე ვირუსის აქტიური ნაწილაკები სამი დღის შემდეგაც აღმოჩნდა.

მუყაოს ზედაპირზე ვირუსი 24 საათის შემდეგ აღარ იყო, ხოლო სპილენძზე მის გაქრობას 4 საათი დაჭირდა.